ლექსუსი, სედანი, სპეციაულური მოდელი, ლექსუს იეს 200
Aa
Aa

Lexus-მა ჩინური ბაზრისთვის მე-7 თაობის ES 200-ის სპეციალური გამოშვება წარადგინა

Lexus-მა ცოტა ხნის წინ მე-8 თაობის ES სედანი წარადგინა, თუმცა წინა თაობის მოდელი ჩინეთის ავტოსალონებში ჯერ ისევ ხელმისაწვდომია. მყიდველების კიდევ ცოტა ხნით დასაინტერესებლად, იაპონურმა ავტომწარმოებელმა ES 200-ის სპეციალური გამოშვება შემოგვთავაზა — ორ ტონში შესრულებული მოდელი, რომლის ფერებიც ულტრა-მდიდრული Maybach-ისა და Rolls-Royce-ის დიზაინს მოგვაგონებს. დიახ, Lexus-იც მდიდრული სეგმენტის წარმომადგენელია, თუმცა...

ES-ის იერარქიაში პერფორმანსითა და ფასით უდაბლეს საფეხურზე მყოფი სედანის Moon Shadow Special Edition-ის ფერები, Lexus-ის თქმით, მდინარისა და ზღვის ზედაპირზე არეკლილ მთვარის შუქს მოგვაგონებს — ზემოდან ნათელია, ხოლო ქვემოთ მუქი და პირქუში.


მოდელის ექსტერიერის ზედა ნაწილი — სახურავი და დგარები ვერცხლისფერია, ხოლო კარიდან ქვემოთ ავტომობილი ძალიან მუქი ლურჯი, თითქმის შავია. ცხაურაც შავია (Obsidian Black) და ქრომირებულ აქცენტებს მოიცავს, რომლებიც წინა ბამპერსა და მასზე განლაგებულ ჰაერის შემშვებებს ელეგანტურად უკავშირდებიან. თითქმის 5-მეტრიანი სედანი 18-დუიმიანი, უმაღლესი ხარისხის ალუმინისგან დამზადებული დისკებითაა აღჭურვილი. 

Lexus-ს ინტერიერის ფოტოები არ გამოუქვეყნებია, თუმცა ჩინური ბაზრისთვის განკუთვნილი ES 14-დუიმიანი მულტიმედიის მონიტორითა და 7-დუიმიანი ხელსაწყოთა პანელითაა აღჭურვილი. სავარაუდოდ, სტანდარტული იქნება სავარძლების გათბობა, სტერეო-სისტემა, 360-გრადუსიანი კამერა, სალონის განათება და სხვა საბაზისო ტექნოლოგიები. 

კაპოტის ქვეშ მძღოლს Toyota Corolla-სგან და Camry-სგან „ნასესხები“ 2-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ატმოსფერული ძრავა დახვდება, რომელიც 170 ცხ.ძ-სა და 205 ნიუტონს გამოიმუშავებს. არაელექტრიფიცირებული სედანი წინა ამძრავია და მისი მაქსიმალური სიჩქარე 205 კმ/სთ-ია. 

ES 200 Moon Shadow-ს ფასი 44 700$ იქნება. ეს სტანდარტულ ES 200 Premium-ზე 1150$-ით ძვირია. მე-7 თაობის Lexus ES-ი 2018 წელს გამოჩნდა და პირველი რესტაილინგი 2021 წელს, ხოლო მე-2 ჩინურ ბაზარზე 2024 წელს ჩაუტარდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ თაობის ES-ს ცოტა დრო დარჩა, რადგან იაპონურმა ავტომწარმოებელმა ახალი თაობის მოდელი ჩინური ბაზრისთვისაც წარადგინა.

მსგავსი სიახლეები