ელექტრომობილები, ლექსუსი, წარმოების დასასრული, ლექსუს იუიქს 300ე
Aa
Aa

Lexus-მა არც ისე პოპულარული ელექტრომობილის წარმოება შეწყვიტა

Lexus-მა სრულად ელექტრო UX 300e გაერთიანებული სამეფოს სადილეროებიდან, წარმოებაში ჩაშვებიდან, სულ რაღაც, 5 წელიწადში, უჩუმრად გააქრო. ეს რიგითი ლოკალური პაუზა არ გეგონოთ — UX 300e-ს შეჩერებასთან ერთად, Lexus-ს საწარმოო ხაზში ბიუჯეტური და მცირე ზომის ელექტრომობილი აღარ დარჩა (და ცნობილი არც ისაა, მუშაობს თუ არა იაპონური ავტომწარმოებელი რამე ახალზე).


ბრიტანულმა მედიამ UX 300e-ს გაუჩინარება ბრენდის ვებ-გვერდზე შეამჩნია, რამაც კითხვები გააჩინა. მოგვიანებით კი Lexus-მაც დაადასტურა, რომ ელექტრომობილის წარმოება 2025 წლის ბოლოს შეწყდა. კომპანიას გადაწყვეტილების მიზეზი დეტალურად არ აუხსნია — სავარაუდოდ, ეს გაყიდვების სიმცირეს ეხება — გაერთიანებულ სამეფოში 5 წლის განმავლობაში UX 300e-ზე არჩევანი მხოლოდ 3400-მა მძღოლმა შეაჩერა. 

სტანდარტული UX სიცოცხლეს კვლავ აგრძელებს და მშვენივრადაც გამოიყურება — აი მისი ელექტრო ტყუპისცალი კი გამოჩენის დღიდან ვერ ბრწყინავდა... მისი 54.3 კვტ.სთ-იანი ბატარეა მფლობელს ერთი დამუხტვით მხოლოდ 300კმ-ის გავლის საშუალებას აძლევდა, რაც ძვირადღირებული ელექტრომობილის სტანდარტებში მაშინაც არ ჯდებოდა... 

გაერთიანებული სამეფოს საავტომობილო ბაზარი არ არის ერთადერთი, საიდანაც UX 300e გაქრა — 2025 წლის შუაში მოდელის წარმოება-გაყიდვა ავსტრალიაშიც შეწყდა — იქ ოფიციალური მიზეზი დასახელდა და ეს გაყიდვების ნაკლებობა იყო. ასევე, ზედმეტად მაღალი იყო მოდელის ფასიც: კომპლექტაციის მიხედვით, ის 56 500-დან 61 800 დოლარამდე მერყეობდა — დამეთანხმებით, ბაზარზე, სადაც 20 000$-ით იაფად ჩინური ელექტრომობილები ბევრად დიდ მანძილს გთავაზობენ, არც ისე კარგი მანქანით არ დაინტერესდებით, თუნცად Lexus-ზე ვსაუბრობდეთ...

გამოდის, ერთადერთი ელექტრომობილი, რომელსაც ამ ეტაპზე ტოიოტას მდიდრული ქვებრენდი აწარმოებს RZ-ია — შესაბამისად, ახლო მომავალში სიახლეებს უნდა ველოდოთ.

მსგავსი სიახლეები