ფორმულა 1, შარლ ლეკლერი, ფერარი, ფორმულა 1-ის პილოტები, ფერარი 250 ტესტა როსა
Aa
Aa

შარლ ლეკლერი საკუთარ ქორწილში Ferrari-ს ლეგენდარული სპორტქარით გამოჩნდა

Formula 1-ის მრბოლელი შარლ ლეკლერი გასულ კვირას ალექსანდრა სენ-მლეზე ოფიციალურად დაქორწინდა. ღონისძიება F1-ის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურ გახსნამდე მცირე ხნით ადრე შედგა. წყვილმა ყურადღება მონაკოს ქუჩებში მიიპყრო მაშინ, როდესაც ქალაქის ქუჩები კლასიკური Ferrari-თ შემოიარა.

საუბარი გვაქვს იტალიური ავტომწარმოებლის მოდელ Ferrari 250 Testa Rossa-ზე, რომელიც პირველი იყო Ferrari-ს ისტორიაში, რომელმაც ეს სახელი გამოიყენა. მას შემდეგ, სახელწოდება ავტომწარმოებლის სხვა რამდენიმე მოდელზეც ვიხილეთ, მათ შორის უახლეს, 1 036 ცხენის ძალის მქონე plug-in ჰიბრიდ სუპერქარზე — 849 Testarossa-ზე. 

რაც შეეხება ლეკლერის Ferrari 250 Testa Rossa-ს, ის ლეგენდარული სპორტქარია, რომელიც 1957-დან 1961 წლამდე იწარმოებოდა და Ferrari-ს „ლე-მანის 24-საათიან რბოლაზე“ რიგი ტიტულებიც მოუპოვა. მოდელის დებიუტი 1957 წლის სარბოლო სეზონზე შედგა და შემდგომში — 1958, 1960 და 1961 წლებში — მსოფლიოს სპორტქარების ჩემპიონატის კონსტრუქტორთა თასის გამარჯვებული გახდა.

Ferrari 250 Testa Rossa მძლავრი 3-ლიტრიანი V12 ძრავით იყო აღჭურვილი და სულ რაღაც 794 კილოგრამს იწონიდა. შედეგად, სპორტქარი 300 ცხენის ძალაზე მეტს გამოიმუშავებდა და მაქსიმალურ სიჩქარე 270 კმ/სთ-ს აღწევდა. ცნობისთვის, წარმოების პროცესში იტალიურმა კომპანიამ ამ მოდელის მხოლოდ 34 ეგზემპლარი დაამზადა. ექსკლუზიურობა და მისი ტიტულოვანი წარსული კი აუქციონებზე Testa Rossa-ს მაღალ ფასშიც გამოიხატება; ერთ-ერთი მათგანი თითქმის 40 მილიონი ევროს ღირებულებით გაიყიდა.

რაც შეეხება Formula 1-ის ახალ სეზონს, ის ოფიციალურად 6-8 მარტს, ავსტრალიაში გაიხსნება. 2026 წლის სეზონზე ლეკლერი, ლუის ჰამილტონთან ერთად, Ferrari-ს რიგებში იასპარეზებს. ცნობისთვის, გასულ სეზონზე მან საერთო ჩათვლაში მე-5 პოზიციის დაკავება მოახერხა და 242 ქულა დააგროვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები