როგორი იქნება ახალი Jaguar GT, რომელიც XJ-ზე ერთი ტონით მძიმეა
Jaguar-ის სრულად ელექტრომობილების მწარმოებელ ბრენდად ქცევის გეგმა, შეიძლება ითქვას, გრაფიკს ჩამორჩა, თუმცა კონტურები მეტ-ნაკლებად გამოიკვეთა, რისი ნიშანიც ახალი 4-კარიანი GT-ია. გავრცელებული ცნობებით, მოდელი მიმდინარე წლის ბოლოს გამოვა — კომპანიის ცნობით, ის „უნიკალური და ემოციური" იქნება.
რამდენად შეასრულებს პირობას ბრიტანული ბრენდი, საკითხავია, თუმცა Evo-მ პროტოტიპი გამოცადა და მასზე გარკვეული ინფორმაცია გაავრცელა. კერძოდ, გავიგეთ, რომ ახალი მოდელი სიგრძეში 5,2 მეტრი იქნება. მდიდრული სედანი იაგუარის 850-ვოლტიან ელექტრო არქიტექტურას დაეყრდნობა და სამი ელექტროძრავა ექნება. მათგან ორი უკანა მხარეს იქნება განლაგებული. 
ჯამური სიმძლავრე 1000 ცხენის ძალას გადააჭარბებს, მაბრუნი მომენტი კი, დაახლოებით, 1350 ნიუტონის ტოლი იქნება. თუ ეს მართლაც ასეა, Jaguar-ის ფლაგმანი არანორმალურად სწრაფი იქნება და 100 კმ/სთ სიჩქარეს, დაახლოებით, 3 წამში განავითარებს.
მანქანა 120 კვტ.სთ-იანი ბატარეებით იქნება აღჭურვილი, რომელიც GT-ს ერთი დამუხტვით 700კმ-ის გავლის საშუალებას მისცემს. 350 კილოვატიანი სწრაფ დამმუხტველზე 322 კმ-ის გასავლელად საკმარის მუხტს ბატარეა 15 წუთზე ნაკლებ დროში მიიღებს. 
მართალია, ერთი დამუხტვით მაქსიმალურად შორს წასვლა კარგია, თუმცა ეს იმასაც ნიშნავს, რომ მოდელის წონა, საშუალოდ 2700კგ იქნება, რაც წინა XJ LWB 3.0 Supercharged-ზე 925კგ-ით მძიმეა. აღსანიშნავია, რომ ახალი იაგუარის წონა დაახლოებით ახალი BMW i7 xDrive60-ის მაჩვენებლის ტოლი იქნება.
Evo-ს განცხადებით, მოდელს ორკამერიანი პნევმატური დაკიდება ექნება Bilstein-ის ამორტიზატორებით და მის მართვას მძღოლი 3 განსხვავებულ რეჟიმში შეძლებს: Comfort, Dynamic და Rain/Snow/Ice. გამოცემის ცნობით, ავტომობილზე მუშაობა თითქმის დასრულებულია და ახლა პროგრამული გამართვა მიმდინარეობს.