უკან გაწვევა, ფოლცვაგენი, ფოლკსვაგენი, ფოლცვაგენ ჯეტა, ფოლკსვაგენ ჯეტა
Aa
Aa

3 ხანძრის შემდეგ, Volkswagen-მა 60 000 ახალი Jetta-ს უკან გაწვევა გადაწყვიტა

საავტომობილო სამყაროში მოდელის უკან გაწვევა ჩვეულებრივი ამბავია, რადგან ავტომწარმოებელი თავიდან ხარვეზებს ყოველთვის ვერ აირიდებს. ამ შემთხვევაში, უმცირესი ადამიანური შეცდომის გამო Volkswagen-ს 61 000 ახალი Jetta-ს უკან გაწვევა უწევს — დამამიწებელი სადენი, რომელიც გადაცემათა კოლოფს უერთდება, შეიძლება, უბრალოდ დაკავშირებული არ იყოს, ამას კი აალების გამოწვევა შეუძლია. 

უკან გაწვევა 2025 წლის 3 მარტიდან 2026 წლის 17 თებერვლამდე აწყობილ Jetta-ებს შეეხებათ — მათგან 48 165 ერთეული აშშ-ის ბაზარზე გაიყიდა, ხოლო 13 318 — კანადის. გერმანული ავტომწარმოებლის განცხადებით, პრობლემა აწყობის პროცესში ადამიანურმა შეცდომამ გამოიწვია, შესაბამისად, ხარვეზის მასშტაბი დიდი ვერ იქნება. კერძოდ, გაწვეული რაოდენობიდან დეფექტიანი 1%-ზე ნაკლები იქნება. 

გავრცელებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პრობლემა 2025 წლის ბოლოს გამოაშკარავდა. გამოძიებამ დაადასტურა, რომ თუ დამამიწებელი სადენი დაერთებული არ არის, წრედი ძაბვას სხვა კომპონენტისკენ გადაამისამართებს, რაც დაზიანებისა და, ცუდ შემთხვევაში, ხანძრის გაჩენის შანსს ძალიან გაზრდის. 

Volkswagen-ის ცნობით, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით კომპანიამ 6 განცხადება მიიღო — მათგან 3-ში სადენები დადნა, ხოლო 3 შემთხვევაში ძრავის განყოფილებაში ცეცხლი გაჩნდა. საბედნიეროდ, აღნიშნული შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა. 

გერმანული ბრენდი მოუწოდებს მომხმარებელს, რომ სადილეროებს რაც შეიძლება მალე ესტუმრონ. იქ მათ ავტომობილს შეამოწმებენ და საჭიროების შემთხვევაში დარღვევას (ისევე როგორც მასთან დაკავშირებულ სხვა დაზიანებებს) უსასყიდლოდ გამოასწორებენ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები