Rivian-ი Uber-ისთვის 50 000 ავტონომიურ ელექტრომობილს შექმნის
პარტნიორობები დაარსების დღიდან, Rivian-ის ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილია — ბრენდი ცნობილი Amazon-ისთვის სატვირთოების მიწოდებით გახდა. გარდა ამისა, ელექტრომობილების ამერიკულ მწარმოებელს არც ისე წარმატებული გადაკვეთა ჰქონდა Ford-თანაც, ხოლო Volkswagen-თან ურთიერთობა ახლაც მიმდინარეობს...
დღეს გავიგეთ, რომ Rivian-ში 2031 წლამდე 1.25 მილიარდ დოლარს Uber-იც დააბანდებს. ინვესტიცია და პარნიორობა, როგორც განცხადებაში ვკითხულობთ „ორივე კომპანიის ავტონომიური მანქანების პროექტს დაეხმარება“. 
ინვესტიციის პირველი ეტაპი 300 მილიონ დოლარს მოიცავს, რომლითაც კომპანიები ერთობლივად სრულად ავტონომიურ რობოტაქსის, ახალ R2-ს შექმნიან. ამ ეტაპზე ტაქსის სერვისში 10 000 Rivian-ი ჩაერთვება და 2028 წლიდან ისინი მაიამისა და სან-ფრანცისკოს ქუჩებში იმოძრავებენ.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, რობოტაქსების მომსახურება 2031 წლის ბოლომდე 25 ქალაქში გავრცელდება. ჯერჯერობით ამ ქალაქების სიას არ ვფლობთ, თუმცა ვიცით, რომ რეგიონებად აშშ, კანადა და ევროპა მოიაზრებიან. 
ახალი ქალაქების მასშტაბების დასაკმაყოფილებლად, ავტომწარმოებლისგან 2030 წელს Uber-ი კიდევ 40 000 R2-ს შეიძენს. შესაბამისად, ამერიკული ბრენდის 50 000 ელექტრომობილი უკვე წინასწარ გაყიდულია და მათ ექსკლუზიურად ტაქსის სერვისის მიმწოდებელი უდიდესი კომპანია გამოიყენებს.
„ჩვენ გვჯერა Rivian-ის მიდგომის — ავტომობილის, საგამოთვლო პლატფორმისა და პროგრამული უზრუნველყოფის ერთობლივი დაპროექტების, აშშ-ში მასშტაბური წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვზე სრული კონტროლის შენარჩუნებით. ეს ვერტიკალური ინტეგრაცია, მათ მზარდ სამომხმარებლო ავტოპარკიდან მიღებულ მონაცემებთან და კომერციული ავტოპარკების მართვის გამოცდილებასთან ერთად, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ დავსახოთ ეს ამბიციური, თუმცა მიღწევადი მიზნები“, — განაცხადა Uber-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დარა ხოსროვშაჰმა.
Rivian-ის დამფუძნებელმა, არჯეი სკარინჯმა კი განაცხადა, რომ Uber-თან პარტნიორობით აღფრთოვვანებულია და ეს „დამეგობრება“ ავტომწარმოებელს მე-4 დონის ავტონომიურობის მიღწევაში ძალიან დაეხმარება. 
დიდი ალბათობით, რობოტაქსები Rivian-ის მე-3 თაობის ავტონომიურობის პლატფორმას დაეყრდნობიან, რომელიც პირველად სწორედ R2-ში, მიმდინარე წლის ბოლოს გამოჩნდება. აღნიშნული სისტემა 11 ერთეულ 65 მეგაპიქსელიან კამერას, 5 რადარა და 1 LiDAR სენსორს იყენებს.