მექანიკური გადაცემათა კოლოფი, ფიატი, ფიატ 600, ფიატ 600 პეტროლი
Aa
Aa

Fiat 600-ის ახალი ვერსია შიგაწვისძრავიანი იქნება და მექანიკური გადაცემათა კოლოფით აღიჭურვება

Fiat 600-ის საწარმოო ხაზი კიდევ ერთი ვერსიით ფართოვდება — ამჯერად იტალიური ავტომწარმოებლის პოპულარული მოდელი ტრადიციულ, შიგაწვისძრავიან ვერსიასაც მოიცავს — ამ სიახლეს ბრენდი სპეციალური გამოშვებით აღნიშნავს.

Fiat 600 Petrol, როგორც მას უწოდებენ, 5-კარიანი ჰეჩბექია, რომელიც, კომპანიის განცხადებით, „შეიქმნა მომხმარებლისთვის, რომელიც ავტომობილის მართვის მარტივ, პირდაპირ და სახალისო გამოცდილებას დაეძებს“. ფიატი დეტალებზე, ჯერჯერობით, არაფერს ამბობს, თუმცა ვიცით, რომ მოდელს ცვლადი გეომეტრიის მქონე ტურბოკომპრესორი, მანაწილებელი ლილვის ამძრავი ჩუმი ჯაჭვი და მაღალი წნევის პირდაპირი შეფრქვევის სისტემა ექნება.


მოდელის ძრავა 99 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს და 6-სიჩქარიან გადაცემათა კოლოფთანაა დაკავშირებული. ეს დაახლოებით Grande Panda-ს მსგავს ძალურ აგრეგატს ჰგავს, რომელიც 1.2-ლიტრიან, 3-ცილინდრიან, ტურბოჩაბერვის მქონე ძრავას იყენებს და ელვისებური აჩქარებით ნამდვილად არ გამოირჩევა. 

საწვავის ძრავა ყველა კომპლექტაციისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რაც ნიშნავს, რომ ვიხილავთ 600 Petrol Pop-საც LED მაშუქებითა და 16-დუიმიანი დისკებით. სავარაუდოდ, მოდელს ექნება სტანდარტული ინტერიერი 7-დუიმიანი ციფრული ხელსაწყოთა დაფითა და 10-დუიმიანი მულტიმედიის მონიტორით. შედარებით მდიდრულ კომპლექტაციებში 17 და 18-დუიმიან დისკებს, სმარტფონის უსადენო დამმუხტველებსა და ტყავის სავარძლებს ვიხილავთ. 


როგორც აღინიშნა, ავტომობილის გამოშვებას Fiat-მა სპეციალური გამოშვება მიუძღვნა. მანქანას 2-ტონიანი ექსტერიერი, შავი ცხაურა, კარის შავი სახელურები და შავი ემბლემები აქვს. ასევე, ის ალუმინის 18-დუიმიანი დისკებითაა აღჭურვილი. შავი ფერი ჭარბობს მოდელის ინტერიერშიც. 

აღნიშნული ვერსია 2 000 ერთეულად გამოვა, თუმცა ფასი, ჯერჯერობით, უცნობია. 

მსგავსი სიახლეები