საბურავები, ზაფხულის საბურავები, მიშელინი
Aa
Aa

Michelin-მა წარადგინა საბურავი, რომელიც ელექტრომობილის ერთი დამუხტვით გავლად მანძილს გაზრდის

ელექტრომობილების სამყაროში ეფექტიანობა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. რაც უფრო შორს მიდის ავტომობილი ერთი დამუხტვით, მით ნაკლები დრო იხარჯება დამმუხტველ სადგურებთან. ამიტომაც არავის უკვირს, რომ ავტომწარმოებლები აეროდინამიკის გაუმჯობესებაზე არიან ფოკუსირებულნი. თუმცა, ამ პროცესში საბურავებსაც გადამწყვეტი როლი აკისრიათ და, როგორც ჩანს, Michelin-მა ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიწყო.

ასევე იხილეთ: როგორ განვასხვაოთ საბურავები ერთმანეთისგან

ფრანგულმა გიგანტმა ორი ახალი საზაფხულო საბურავი წარადგინა: Primacy 5 Energy და Pilot Sport 5 Energy. მათთვის, ვისთვისაც პრიორიტეტი ენერგოეფექტიანობაა, Primacy 5 Energy ნამდვილი აღმოჩენა იქნება. ელექტრომობილზე დაყენების შემთხვევაში, Michelin-ის მტკიცებით ავტომობილის ერთი დამუხტვით გავლილი მანძილი, დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება. ეს ყველაფერი არ არის — თუ საბურავს შიგაწვისძრავიან მოდელს მოარგებთ, ფრანგული ბრენდი ამტკიცებს, რომ საწვავის მოხმარება 100კმ/ზე, საშუალოდ, 0.3 ლიტრით შემცირდება. Volkswagen ID.3-ზე ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ Michelin-მა აჯობა ისეთ კონკურენტებს, როგორიცაა Bridgestone Turanza 6, Continental PremiumContact 7 და Pirelli Cinturato P7C3.

კომპანიამ არც უსაფრთხოება დაივიწყა — წინა თაობასთან შედარებით, დამუხრუჭების მანძილი შემცირებულია 8%-ით, მაშინაც კი, როცა საბურავის პროტექტორი საგრძნობლადაა გაცვეთილი (2 მმ).

რაც შეეხებათ მძღოლებს, რომლებსაც მართვის დინამიკა და სისწრაფე უყვართ, Michelin-მა Pilot Sport 5 Energy შექმნა. ეს სწორედ ის საბურავია, რომელიც Mercedes-AMG-მ თავის რეკორდსმენ GT XX Concept-ზე გამოიყენა.

Tesla Model Y-ზე ჩატარებული ცდისას, ამ საბურავმა სველ და მშრალ ასფალტზე დამუხრუჭებისას უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე Hankook iON Evo-მ და Pirelli P Zero E-მ. ამასთან, მან კონკურენტებს გამძლეობითა და ექსპლუატაციის ვადითაც აჯობა.

ელექტრომობილების პოპულარობის ზრდასთან ერთად, სასიმოვნოა, რომ საბურავების მწარმოებლები პროდუქტებს ამ ტიპის ტრანსპორტის სპეციფიკურ საჭიროებებსაც არგებენ. 

თქვენი აზრით, ღირს თუ არა საბურავებში მეტის გადახდა, თუ ის სვლის მარაგს რამდენიმე ათეული კილომეტრით გაგიზრდით?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები