აუდი, აუდი კუატრო, 5-ცილინდრიანი ძრავა, აუდი კვატრო
Aa
Aa

ეპოქის დასასრული | Audi ლეგენდარულ 5-ცილინდრიან ძრავას ემშვიდობება

Audi-მ გადაწყვიტა, რომ თავისი საკულტო 5-ცილინდრიანი ძრავის ისტორია ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს. ეს ნიშნავს, რომ ავტოსამყარო ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და „ხასიათიან“ ხმას კარგავს, რომელიც ამ ინდუსტრიაში ოდესმე გაჟღერებულა — 2.5-ლიტრიანი, 5-ცილინდრიანი, ერთრიგა ტურბო-ძრავა Audi-ს ლეგენდას უკვე 50 წელზე დიდი ხანია ასაზრდოებს.

ძრავმა სახელი არანაკლებ ლეგენდარული Audi Quattro-ს წყალობით გაითქვა, რომელთან ერთადაც ძრავის უნიკალურმა კონსტრუქციამ და ჟღერადობამ ავტოსპორტში (B ჯგუფის რალიში) დომინაციის მთელი ეპოქა შექმნა. ტიპური 4 ან 6-ცილინდრიანი ძრავებისგან განსხვავებით, 5-ცილინდრიანი აგრეგატი გამოსცემდა სპეციფიკურ, „არათანაბარ“ ხმას, რომელსაც ავტომოყვარული მომენტალურად ამოიცნობს.

დროთა განმავლობაში, ინჟინრებმა ის თანამედროვე 2.5 TFSI-დ გარდაქმნეს, რომელიც დღეს ისეთ მოდელებში გვხვდება, როგორებიცაა Audi RS3 და Audi TT RS-ი. ძრავის ბოლო ვერსია 400 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს და როგორც ქარხნული მონაცემებით, ისე ტუნინგის პოტენციალით ენთუზიასტების ერთ-ერთი საყვარელი ძალური აგრეგატია.

ძრავის წარმოება ევროპაში 2027 წლის შუა პერიოდისთვის შეწყდება. ამას ორი მთავარი მიზეზი აქვს — Euro 7 სტანდარტები და ელექტრიფიკაცია. ეკოლოგიური რეგულაციები და ელექტრომობილებზე გადასვლა შიგაწვის ძრავებისთვის ადგილს უბრალოდ აღარ ტოვებს.

ავტომოყვარულებს კარგად ესმით, რომ ეს მხოლოდ მორიგი ძრავის პენსიაზე გასვლა არ არის — ეს Audi-ს უნიკალური იდენტობის დაკარგვაა. 5-ცილინდრიანრი ძრავა იყო ექო, შეგრძნება და კავშირი ბრენდის რალის დიდებულ მემკვიდრეობასთან.

ვინაიდან ბრენდი უფრო ჩუმი, ელექტრო მომავლისკენ მიდის, ჩნდება ლოგიკური კითხვა: შეძლებს კი Audi-ს საწარმოო ხაზში რეალურად ჩაანაცვლოს ის ხასიათი, რომელსაც ეს ლეგენდარული აგრეგატი გვთავაზობდა?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები