ავტოკოლექცია, დოჯი, ფორდ ეფ-150, ტოიოტა ლენდ კრუიზერი, დოჯ ჩელენჯერი, დოჯ რამი, ჩაკ ნორისი
Aa
Aa

როგორი მანქანები მოსწონდა ლეგენდარულ ჩაკ ნორისს?

ლეგენდარული ჩაკ ნორისი არასდროს ყოფილა იმ ტიპის ვარსკვლავი, რომელიც აუქციონებზე იშვიათი ჰიპერქარების ყიდვით იწონებდა თავს. მისი ავტო-ფილოსოფია ყოველთვის სიმარტივესა და ფუნქციურობას ეფუძნებოდა... მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს ერთი ავტომობილი, რომელიც მცირე ხნის წინ გარდაცვლილ ლეგენდარულ მსახიობს ძალიან უყვარდა — ეს 1970-იანი წლების დასაწყისის Dodge Challenger-ია — ამერიკული „მასკლ-ქარების“ ეპოქის მწვერვალი, რომელშიც მნიშვნელობა არა ელექტრონიკას, არამედ V8 ძრავის დიდ მოცულობასა და ჭეშმარიტ სიმძლავრეს ენიჭებოდა. იქნბოდა აღჭურვილი 440 Magnum-ით თუ ლეგენდარული 426 HEMI-ით, Challenger-ი ყოველთვის პირდაპირი და ცხოველური ძალის სიმბოლო გახლდათ.

საინტერესოა, რომ მაყურებლის მეხსიერებაში ჩაკ ნორისი მაინც სხვა ტიპის ტრანსპორტთან ასოცირდება. სერიალში „უოკერი, ტეხასელი რეინჯერი“ მას ეკრანებზე თავის განუყრელ პიკაპ Dodge Ram-თან ერთად ვხედავდით, რომელიც გამძლეობისა და პრაქტიკულობის განსახიერებაა. მანამდე კი, ფილმში „მარტოხელა მგელი მაქკუეიდი“, ნორისმა სახელი Dodge Ramcharger-ის მართვით გაითქვა. ეს ავტომობილები მხოლოდ გადაადგილების საშუალება კი არა, მისი პერსონაჟების იდენტობის ნაწილი იყო — მტკიცე, უტეხი და უბრალო.

ნორისის კავშირი ავტოსამყაროსთან მხოლოდ ფილმებით არ შემოიფარგლება. მისი ვაჟი, ერიკ ნორისი, NASCAR-ის პიკაპების სერიაში ასპარეზობდა, სანამ ჰოლივუდის წამყვანი ტრიუკების კოორდინატორი გახდებოდა. თავად ჩაკიც ხშირად ერთვებოდა ავტო-კულტურის გასართობ პროექტებში — მაგალითად, Diesel Brothers-მა მის პატივსაცემად შექმნა მონსტრი-სატვირთო Truck Norris-ი, რომელიც Chevy Silverado-ს ბაზაზეა აგებული და ამერიკული დროშის სიმბოლიკითაა გაფორმებული.

პირად ცხოვრებაში ჩაკ ნორისი სიკვდილამდე ისეთ ავტომობილებს ანიჭებდა უპირატესობას, რომლებიც დროს უძლებდნენ. მის გარაჟში შეხვდებით სრულგაბარიტიან პიკაპებს, როგორებიცაა Ford F-150 და Dodge Ram-ი, ასევე, ლეგენდარული Toyota Land Cruiser-ი. ეს არჩევანი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მსახიობის ხასიათს — ის ირჩევდა არა სტატუსს, არამედ რეალურ შესაძლებლობებსა და კუნთებს. ჩაკ ნორისისთვის ავტომობილს ისევე უნდა ემუშავა, როგორც მის მუშტებს — ზუსტად, მძლავრად და ეფექტიანად.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები