მასშტაბური ავარია კოლორადოში | 70-მდე ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახა
კოლორადოს შტატში, I-70 მაგისტრალზე, თოვლიანი ამინდის გამო მომხდარმა მასშტაბურმა ავარიამ მოძრაობა 5 საათით შეაფერხა. შეჯახებაში, რომელიც ეიზენჰაუერის გვირაბთან მოხდა, დაახლოებით 70 ავტომობილი მონაწილეობდა. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
მიუხედავად იმისა, რომ კლირ-კრიკის ოლქში თოვლი მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად მოდიოდა, უშუალოდ ავარიის დროს ამინდი მკვეთრად გაუარესდა — ძლიერმა ქარმა და მოულოდნელმა ნალექმა გზის სავალი ნაწილი მყისიერად მოყინა.
„თოვლი მოულოდნელად, ქარიშხალივით წამოვიდა. ხილვადობა ნულამდე დაეცა და უცებ ყინულზე აღმოვჩნდით. მანქანები გზის ყველა მხარეს მიმოიფანტა“, — იხსენებს ერთ-ერთი მძღოლი, ტომ ბროკი.
გვირაბიდან გამოსულ მძღოლებს დაღმართზე ნულოვანი ხილვადობა დახვდათ. მოყინული გზის გამო, მუხრუჭებს აზრი აღარ ჰქონდა — ავტომობილები კონტროლს კარგავდნენ და ერთმანეთს ეჯახებოდნენ.
„საშინელება იყო იმის ყურება, როგორ ტრიალდებოდნენ ჩვენ უკან უზარმაზარი სატვირთოები. მარჯვნივ დამცავი ბარიერია, მარცხნივ — გამყოფი ზოლი, გასაქცევი კი არსად გაქვს“, — ამბობს ბობი რაიანი.
მძღოლები მადლიერებას გამოხატავენ მაშველებისა და პოლიციელების მიმართ, რომლებმაც კრიტიკულ სიტუაციაში ოპერატიულად იმუშავეს. ტომ ბროკის თქმით, მათი პროფესიონალიზმი „გამაოგნებელი“ იყო.
კოლორადოს შტატის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია სულ 8 ადამიანს დასჭირდა, რომელთაგანაც მძიმე დაზიანებები მხოლოდ ერთს აღენიშნება. მაგისტრალის გაწმენდასა და დაზიანებული ტექნიკის გაყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც მოძრაობა შეერთებული შტატების აღმოსავლეთის მიმართულებით სრულად აღდგა.
სანამ ვინმე სხვა იხუმრებს, ჩვენ დაგასწრებთ — საქართველოსკენ რამდენიმე ათეული ახალი ავტომობილი მოემართება...