უკან გაწვევა, ჰონდა, ჰონდა ოდისეი, მინივენი, აირბაგი
Aa
Aa

Odyssey „მწოლიარე პოლიციელზე“ გადავლისას უსაფრთხოების ბალიშებს ხსნის | Honda 440 000 მინივენს გაიწვევს

მინივენი ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული ფორმაა, თუმცა Honda Odyssey-ის მფლობელებისთვის მგზავრობა ბოლო დროს ზედმეტად „აზარტული“ გახდა, თანაც ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით. აშშ-ში 440 000-ზე მეტი Odyssey უკან გაიწვიეს, რადგან მათი უსაფრთხოების ბალიშები შესაძლოა სრულიად უმიზეზოდ, უბრალო ორმოზე გადასვლისას გაიხსნას.

გაწვევა 2018-2022 წლების მოდელებს ეხება. NHTSA-ს (აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია) ანგარიშის მიხედვით, ავტომობილის ელექტრონიკამ შესაძლოა უსწორმასწორო გზა სერიოზულ შეჯახებად აღიქვას და აირბაგი იმ დროს გახსნას, როცა ამის საჭიროება საერთოდ არ არსებობს.

ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ღარიბმა ბიჭმა Honda

ეს ნიშნავს, რომ ისეთი ყოველდღიური მომენტები, როგორიცაა ორმოში ჩავარდნა და გზაზე დაგდებულ ნამსხვრევებზე ან ე.წ „მწოლიარე პოლიციელზე“ გადავლა, მინივენის მძღოლებისთვის საფრთხისშემცველია... გაწვევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ Odyssey საოჯახო ავტომობილია და ხშირად ბავშვების სკოლაში გადასაყვანადაც გამოიყენება.

გაუგებარი მიზეზით გახსნილი უსაფრთხოების ბალიში არა მხოლოდ ძვირადღირებული ზარალია, არამედ ტრავმის მიზეზიც ხშირად ხდება. 2026 წლის 2 აპრილის მონაცემებით, Honda-მ უკვე მიიღო 130 საგარანტიო მოთხოვნა და 25 სარჩელი ადამიანების დაზიანებასთან დაკავშირებით. საბედნიეროდ, ფატალური შედეგი არ დამდგარა.

პრობლემა სისტემის მართვის ბლოკში იმალება — როგორც ჩანს მისი პროგრამული პარამეტრები გასასწორებელია. სისტემა ვერ ასხვავებს გზის ჩვეულებრივ ვიბრაციას რეალური გვერდითი დარტყმისგან, რის გამოც ბლოკი ნებისმიერ მკვეთრ რყევაზე მყისიერად რეაგირებს. Honda-ს ვარაუდით, დეფექტი ავტომობილების მხოლოდ 0.1 პროცენტს აღენიშნება, თუმცა ყველა რისკის დასაზღვევად, გაწვევა მაინც საყოველთაოა.

კარგი ამბავი ის არის, რომ პრობლემის გამოსწორება მარტივია — დილერები უფასოდ განაახლებენ SRS სისტემის პროგრამას და იმ შემთხვევაში, თუ განახლება ვერ ხერხდება ან სისტემა შეცდომას აჩვენებს, მართვის ბლოკი სრულად ახლით ჩანაცვლდება.

მფლობელები ოფიციალურ შეტყობინებებს 2026 წლის 25 მაისიდან მიიღებენ, მანამდე კი მათ ურჩევენ, წინაღობებზე მაღალი სიჩქარით გადავლას მაქსიმალურად მოერიდონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები