Hyundai Elantra N TCR Edition | ბიუჯეტური სპორტქარი ამერიკის გზებზე
ათი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, Hyundai Elantra კონკურენციას Honda Civic Si-ს გაუწევსო, ამ ადამიანს შეშლილად ჩავთვლიდით, დღეს კი ეს რეალობად იქცა — Elantra N TCR-ი უკვე არათუ Si-ს, არამედ Honda Civic Type R-საც კი უტევს. საერთაშორისო აღიარების შემდეგ, Elantra-ს ყველაზე „ცხელი“ ვერსია ამერიკულ ბაზარზეც შედის და მისი ფასი უჩვეულოდ აგრესიულია.
TCR Edition არ არის სტანდარტული Elantra N, რომელსაც დიდი სპოილერი დაუმატეს. ეს შეზღუდული გამოშვების მოდელია, რომელმაც ტექნოლოგიების დიდი ნაწილი Hyundai-ს სარბოლო პროგრამიდან ისესხა. როგორც აღინიშნა, სასიამოვნო სიურპრიზია ავტომობილის ფასიც: 6-სიჩქარიანი მექანიკის ფასი 39 250 დოლარიდან იწყება, ხოლო 8-სიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის მქონე ავტომატიკის — 40 750 დოლარიდან... შესაბამისად, თუ დილერები ფასს ხელოვნურად არ გაზრდიან, ეს სედანი ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი შეთავაზება იქნება.
რა შეიცვალა ექსტერიერსა და ინტერიერში?
ყველაზე თვალშისაცემი დეტალი ნახშირბადის ბოჭკოს გიგანტური უკანა სპოილერია, თუმცა, ცვლილებები ამით არ სრულდება — მოდელი აღჭურვილია მსუბუქი, 19-დუიმიანი TCR ჭედური დისკებით, რაც მის მასას ამცირებს და მართვადობას აუმჯობესებს.
აღსანიშნავია გაუმჯობესებული სამუხრუჭე სისტემაც — კერძოდ, 4-დგუშიანი მონობლოკური სუპორტები და ორნაწილიანი წინა როტორები, რომლებიც ეფექტიან დამუხრუჭებას ხანგრძლივი აგრესიული მართვის შემდეგაც უზრუნველყოფენ. 
სალონში Hyundai-მ სპორტული თემატიკა მაქსიმალურად შეინარჩუნა — საჭე, სიჩქარის გადამრთველი, ხელის მუხრუჭი და ცენტრალური იდაყვის დასასვენებელი ალკანტარითაა დაფარული. საფირმო „Performance Blue“ ფერის ღვედები და ნიშნული საჭეზე, ალუმინის ზღურბლები და სპეციალური TCR განათება კარების გაღებისას შენარჩუნებულია.
გარდა ამისა ყველა TCR Edition-ი Hyundai-ს ცნობილ Performance Blue ფერში შეიღებება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ასეთი სედანი გამოვა, მისი ექსკლუზიურობა, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი ხიბლია.