ტორონტოში იშვიათი McLaren 600LT განათების ბოძს ჩაეხუტა
McLaren 600LT ბრიტანული ავტომწარმოებლის სპორტული ხაზის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური წარმომადგენელია, რომელიც სულ რაღაც 1 500 ეგზემპლარადაა გამოშვებული. გასულ კვირას მსოფლიოს კიდევ ერთი ასეთი ავტომობილი გამოაკლდა — კანადაში, ტორონტოს შუაგულში, ისტორიულ ციხე-სიმაგრესთან ახლოს, ნარინჯისფერი სუპერქარი მძიმე ავარიაში მოყვა.
პოლიცია მომხდარის დეტალებს ჯერ კიდევ იკვლევს, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი ხუთშაბათს, შუაღამისას მოხდა. მძღოლმა გზაჯვარედინზე მართვა დაკარგა, ბორდიურზე ავარდა, ველოსიპედების სადგომები გაანადგურა და საბოლოოდ განათების ბოძს შემოეხვია. თვითმხილველების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ნარინჯისფერი 600LT მწვანე ფერის McLaren 570S-თან ერთად გადაადგილდებოდა, რაც რბოლის ეჭვს აჩენს. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტომობილის წინა ნაწილი სრულად დაიშალა და მისი დეტალები იქვე არსებულ პარკში მიმოიფანტა.
CBC-ის ცნობით, სუპერქარის მძღოლი ადგილიზევე დააკავეს — მას ბრალად ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა ედება. მძღოლიცა და მგზავრიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ეს მონაკვეთი ხშირად ხდება ქუჩის მრბოლელების სამიზნე და რამდენიმე წლის წინ თითქმის იმავე ადგილას Chevrolet Corvette-იც დაიმსხვრა.
McLaren-მა 600LT 2018 წელს წარადგინა, როგორც ლეგენდარული 675LT-ის უმცროსი, მაგრამ არანაკლებ მძვინვარე ძმა. ფორმულა მარტივი იყო: მეტი სიმძლავრე, ნაკლები წონა და დახვეწილი აეროდინამიკა — მისი 3.8-ლიტრიანი, ორტურბინიანი V8 ძრავი 592 ცხენის ძალასა და 620 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. თუ ვინმე ძალიან გაბედული არ გამოჩნდა და მისი აღდგენის მისია არ იკისრა, სავარაუდოდ, 600LT მხოლოდ სათადარიგო ნაწილებად გაიყიდება.