ელექტრომობილები, რივიანი, რივიან არ2, ტორნადო
Aa
Aa

ნიშანი ზეციდან? R2-ის დებიუტამდე მცირე ხნით ადრე Rivian-ის ქარხანა ტორნადომ დააზიანა

გასულ უქმეებზე ილინოისის შტატს დამანგრეველმა ტორნადომ გადაუარა, რომელმაც Rivian Automotive-ის ცენტრალური ქარხნის ნაწილი დააზიანა. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, არ-ჯეი სკარინჯმა, თანამშრომლებს უკვე აცნობა, რომ სტიქიის ეპიცენტრში სწორედ ის ტერიტორია მოხვდა, რომელიც ბრენდის უახლესი და უმნიშვნელოვანესი მოდელის, R2-ის ნაწილების შესანახად და ლოგისტიკისთვის გამოიყენებოდა.

აღსანიშნავია, რომ R2 Rivian-ისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომლის გაყიდვებიც მალე უნდა დაიწყოს. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიამ შენობის სახურავი და ერთ-ერთი კედელი დააზიანა, კომპანიაში ოპტიმიზმს ინარჩუნებენ. სკარინჯის განცხადებით, საწარმოს ძირითადი ნაწილი, მათ შორის ამწყობი ხაზები, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, ხოლო დაზიანებულ ზონაში ოპერაციები უახლოეს დღეებში აღდგება.

„ყველაზე მეტად ის მამშვიდებს, რომ ქარხანაში არავინ დაშავებულა. ჩვენი პრიორიტეტი ახლა გუნდის უსაფრთხოება და მხარდაჭერაა“, — აღნიშნა სკარინჯმა.

ამ დროისთვის კომპანია ზარალის სრულ შეფასებას ახდენს, რათა დადგინდეს, იქონიებს თუ არა ეს შემთხვევა გავლენას ახალი მოდელის ბაზარზე გამოჩენის ვადებზე.

ამინდის ეროვნული სამსახურის (NWS) ინფორმაციით, ქარხანას EF1 კატეგორიის ტორნადო დაატყდა თავს, რომლის ქარის სიჩქარე საათში 160 კილომეტრს აღწევდა. მიუხედავად იმისა, რომ Rivian-ს ბოლო დროს არაერთი ფინანსური და წარმოების გამოწვევა ჰქონდა, სკარინჯის გზავნილი მიანიშნებს, რომ კომპანია ამ მოულოდნელ დარტყმასთან გამკლავებას ოპერატიულად ახერხებს.

Rivian-ისთვის R2 არის მოდელი, რომელმაც ბრენდი მასობრივ ბაზარზე უნდა გაიყვანოს. ნებისმიერი შეფერხება ახლა განსაკუთრებით სარისკოა, თუმცა ის ფაქტი, რომ საწარმოო ხაზები არ დაზიანებულა, ინვესტორებისთვის დამამშვიდებელი სიგნალია.

მსგავსი სიახლეები