Toyota 4Runner-ი 3-მეტრიან ალიგატორთან შეჯახებამ გაანადგურა
ფლორიდის გზებზე ველურ ბუნებასთან შეხვედრა იშვიათობა არ არის, თუმცა სარასოტაში მომხდარი ინციდენტი მაინც განსაკუთრებით უცნაურია. მასლინ კურტსისთვის ჩვეულებრივი მგზავრობა მძიმე ავარიით დასრულდა, რისი მიზეზიც გზაზე გაწოლილი დაახლოებით 3-მეტრიანი ალიგატორი გახდა.
შემთხვევა აღდგომა დღეს, დილის 6 საათზე მოხდა. მასლინი თავისი Toyota 4Runner-ით Fruitville Road-ზე გადაადგილდებოდა, როდესაც მოულოდნელად გიგანტურ რეპტილიას შეეჯახა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მძღოლმა მართვა დაკარგა და ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა. შემთხვევის ადგილიდან გადაღებული ფოტოები შოკისმომგვრელია: Toyota-ს მარჯვენა მხარე ფაქტობრივად აღარ არსებობს, სახურავი კი ჩავარდნილია — მასლინი სწორედ სახურავსა და საჭეს შორის გაიჭედა.
ახალგაზრდა მძღოლმა მრავლობითი მძიმე დაზიანება მიიღო, მათ შორის ხერხემლის რამდენიმე მოტეხილობა, მკერდის ძვლისა და ბეჭის დაზიანებები. მან ოთხი დღე საავადმყოფოში, მათ შორის, ორი დღე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარა.
„უბრალოდ ვლოცულობდი, რომ ვინმეს დავენახე. ვხედავდი მანქანების შუქებს, რომლებიც ჩამივლიდნენ და მეგონა, რომ უბრალოდ ბუჩქებში გადავვარდი. მადლობა ღმერთს, რომ აქ ვარ და გადავრჩი“, — განაცხადა მძღოლმა.
მას რამდენიმე კვირის განმავლობაში სპეციალური კორსეტის ტარება მოუწევს, რასაც ხანგრძლივი ფიზიკური თერაპია მოჰყვება, თუმცა ექიმები სრულ გამოჯანმრთელებას პროგნოზირებენ.

რაც შეეხება ალიგატორს, მას ნაკლებად გაუმართლა და ადგილზევე დაიღუპა. ეს შემთხვევა კიდევ ერთი შეხსენებაა მძღოლებისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მაქსიმალური ყურადღება გზებზე, განსაკუთრებით გამთენიისას ან შებინდებისას, როდესაც ცხოველები ყველაზე მეტად აქტიურდებიან. მასლინ კურტსს კი, როდესაც ისევ შეძლებს საჭესთან დაჯდომას, სრულიად ახალი ავტომობილის შეძენა მოუწევს, რადგან მისი ერთგული 4Runner აღდგენას აღარ ექვემდებარება.