რესტავრაცია, ლამბორგინი, ლამბორგინი დიაბლო, დაკარგული ავტომობილი, ვიქტორია სეკრეტი
Aa
Aa

Victoria’s Secret-ის დაკარგული Lambo: 14-წლიანი გაუჩინარებისა და 90 დღეში აღდგენის ისტორია

Lamborghini Diablo, რომელიც Victoria’s Secret-ის საკულტო სიმბოლოდ იქცა, 14-წლიანი გაუჩინარების შემდეგ გზებს უბრუნდება. 90-იანი წლების მიწურულს, იტალიური ავტომობილი ყველასთვის ერთ-ერთი საოცნებო და სასურველი სუპერქარი გახლდათ, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც Victoria’s Secret-ის 1998 წლის საშობაო კატალოგში გამოჩნდა. სწორედ მაშინ მიიპყრო მან ედ ბოლიანის ყურადღებაც.

იმ დროისთვის ეს Diablo მსოფლიოში ამ მოდელის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ეგზემპლარი იყო. მოდიფიკაციების გათვალისწინებით, იტალიური სუპერქარის ღირებულება $350 000-ს აღწევდა. თუმცა, 2006 წელს მომხდარი ავარიის შემდეგ, ავტომობილი მოულოდნელად თვალთახედვიდან გაქრა და თითქმის 14 წლის განმავლობაში არავინ იცოდა, თუ სად იმყოფებოდა იგი.

VINwiki-ის დამფუძნებელმა, ედ ბოლიანმა, ავტომობილის საპოვნელად კერძო დეტექტივი დაიქირავა, თუმცა იმედი თითქმის გადაწურული ჰქონდა. „აღმოჩნდა, რომ საკუთრების საბუთები 15 წლის განმავლობაში არ განახლებულა, ამიტომაც ამ ავტომობილის პოვნა თითქმის შეუძლებელი იყო“, — განაცხადა ბოლიანმა. თუმცა, იტალიური სუპერქარის კვალს დეტექტივმა Facebook-პოსტით მიაგნო, რომელშიც ერთ-ერთი ქალბატონი წერდა, რომ მანქანას Mecum-ის აუქციონზე გადააწყდა.

სწორედ ამ აუქციონის საშუალებით 2020 წელს, თითქმის 14-წლიანი გაუჩინარების შემდგომ, გამომძიებელმა ავტომობილის მფლობელიც იპოვა და საბოლოო მოლაპარაკებებისთვის მას მიმართა. რა თქმა უნდა, წლების უმოძრაობის გამო, ავტომობილი იდეალურ მდგომარეობაში არ ყოფილა, თუმცა ბოლიანის გუნდმა მისი მწყობრში მოყვანა სულ რაღაც 90 დღეში შეძლო. მთავარი პრობლემები ზეთის გაჟონვა, გენერატორის გაუმართაობა და სხვა, შედარებით უმნიშვნელო დეტალები იყო.

ავტომობილს საკმაოდ საინტერესო ისტორიაც აქვს: ის სპეციალურად Victoria’s Secret-ის ფოტოსესიისთვის გადაკეთდა. ბრენდის ინიციალებთან შესაბამისობისთვის, მოდელის დასახელება SV (Super Veloce) სტიკერებზე შეაბრუნეს და VS გახდა. გარდა ამისა, ეს მოდელი ერთ-ერთია იმ სამი ამერიკული სპეციფიკაციის მოდელიდან, რომელიც მარგალიტისფერ თეთრშია შეღებილი და ერთადერთია ძარის ფერში შეღებილი უკანა ფრთითა და ქრომირებული Kinesis-ის დისკებით.

2006 წელს კოლორადოში მომხდარი ავარიის შემდგომ, ეს ავტომობილი საბუთებით „ჩამოწერეს“ და შესაბამისი სტატუსიც მიენიჭა. მიუხედავად იმისა, რომ დაზიანება სერიოზული არ ყოფილა, მან ბევრი პოტენციური მყიდველი დააფრთხო. ბოლიანის თქმით, რომ არა ეს სტატუსი, ავტომობილი სულ მცირე $1.5 მილიონი ეღირებოდა და მის შეძენას ვერ შეძლებდა.

დღეს Victoria’s Secret-ის Lamborghini Diablo კვლავ გზებზე გვხვდება. ედ ბოლიანმა კი ამ ავტომობილით დაახლოებით 5 000 კილომეტრი უკვე დაფარა. როგორც თავად ამბობს, ამ მოდელის ფლობა დიდი სიამოვნებაა და ამ ეტაპზე მის გაყიდვაზე არც კი ფიქრობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები