ამერიკულ აუქციონზე თითქმის ხელუხლებელი Honda S2000 გამოჩნდა
ჰონდა S2000 თანამედროვე იაპონური სპორტული ავტომობილების ნამდვილი ლეგენდაა. ბევრისთვის ეს მანქანა „ფორსაჟთან“, ჯონი ტრანთან და სუკისთან ასოცირდება, სხვებისთვის კი — საინჟინრო შედევრთან, რადგან მის 2.0-ლიტრიან VTEC ძრავას თავის დროზე ატმოსფერულ აგრეგატებს შორის ყველაზე მაღალი კუთრი სიმძლავრე ჰქონდა.
ასევე იხილეთ: Honda-ს სპორტული მოდელები საქართველოში
დღესდღეობით ძალიან რთულია იპოვოთ ისეთი S2000, რომელიც არ არის ერთხელ მაინც დამტვრეული ან ტიუნინგით გადატვირთული, თუმცა აუქციონზე გამოჩნდა ეგზემპლარი, რომელიც ქარხნიდან გუშინ გამოყვანილივით გამოიყურება.
ეს 2004 წლის მოდელი Suzuka Blue Metallic ფერშია გადაწყვეტილი და ლურჯი ტყავის სალონი აქვს. მისი ისტორიაც გასაოცარია: ავტომობილი 2025 წლამდე ერთი მფლობელის ხელში იყო და ოდომეტრი მხოლოდ 1 343 კილომეტრს აჩვენებს.
მიუხედავად იმისა, რომ მანქანა თითქმის არ მოძრაობდა, ის სრულად მზად არის საექსპლუატაციოდ. S2000-ს გამოუცვალეს საბურავები, აკუმულატორი, საწვავის ტუმბო, ფილტრები და ზეთი. ავტომობილი აღჭურვილია 17-დუიმიანი დისკებით, ქსენონის ფარებით, კონდიციონერითა და კრუიზ-კონტროლით. ვიზუალურად კი, როგორც აღინიშნა, ფაქტობრივად, ახალივით გამოიყურება.
ავტომობილი Bring a Trailer-ის აუქციონზეა განთავსებული და კომენტარებში ნამდვილი ომია გაჩაღებული. ზოგი მიიჩნევს, რომ ასეთი მანქანის „გამოკეტვა“ და არგამოყენება დანაშაულია, რადგან S2000 სწორედ მართვის სიამოვნებისთვის შეიქმნა. სხვები კი თვლიან, რომ მფლობელს აქვს უფლება, თავისი ინვესტიცია ისე შეინახოს, როგორც თავად სურს. ამ მომენტისთვის ფასი უკვე 70 000 დოლარს აღწევს, რაც საშუალო მდგომარეობაში მყოფი S2000-ის საბაზრო ღირებულებას ორჯერ აღემატება.
თუ დაინტერესდით, აუქციონისათვის თვალის მიდევნება ამ ბმულზე შეგიძლიათ.