რატომ ვერ ელევა Nissan-ი V6 ძრავებს?
ავტოსამყაროში თითოეულ ძრავს თავისი ისტორია აქვს — BMW ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავებით, GM — თავისი V8-ებით, ხოლო Porsche-ს სახელი ოპოზიტური ექვსიანებისგან განუყოფელია. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი უხილავი გმირი, რომელიც გამძლეობის, პრაქტიკულობისა და მაღალი წარმადობის სიმბოლოა — ეს V6-ია. წელს Nissan-მა ამ ძრავის პატივსაცემად ახალი დღესასწაული — V6 Day-ც დააწესა, რომელიც მაისში აღინიშნება.
ასევე იხილეთ: როგორ გაიქცა იაპონიის ციხიდან Nissan-ის გადამრჩენელი ბოსი?
V6 ძრავის მთავარი უპირატესობა მისი კომპაქტურობა და სიმძლავრეა. ასევე, ის საკმაოდ დაბალანსებული და რბილია, ხოლო მისი ზომები ინჟინრებს საშუალებას აძლევს, ძრავი ავტომობილის ცხვირში უფრო ღრმად განათავსონ. ეს კი პირდაპირ აისახება წონის უკეთეს განაწილებასა და მართვადობაზე, რაც კარგად ჩანს ლეგენდარულ Nissan 300ZX-ში. V6-ის ეფექტიანობაზე ისიც მეტყველებს, რომ თანამედროვე McLaren Artura-ც კი ჰიბრიდულ V6-ს იყენებს, რომელიც 8 500 ბრუნამდე ადის.

Nissan-ის ისტორიაში V6-ს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ყველაფერი VG და VQ სერიის ძრავებით დაიწყო. VG30DETT, რომელიც 300ZX-ში იდგა, 90-იანი წლების იაპონური „ჯენტლმენური შეთანხმების“ ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო — ოფიციალურად ის 276 ცხენის ძალას აჩვენებდა, თუმცა რეალურად გაცილებით მძლავრი იყო. მოგვიანებით გამოჩნდა VQ სერია, რომელიც 30 წლის განმავლობაში Ward’s 10 Best Engines-ის მუდმივი წევრია. ეს ძრავები გვხვდებოდა ყველგან: დაწყებული სპორტული 350Z-დან, დამთავრებული გამძლე პიკაპებითა და ყველგანმავალებით.

Nissan ამ ტრადიციას 2026 წელსაც აგრძელებს. თანამედროვე Nissan Z-ის კაპოტის ქვეშ VR30DDTT ძრავი იმალება, რომელიც Nismo ვერსიაში 420 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და თავისი ხასიათით ლეგენდარულ GT-R-ს მოგვაგონებს. პარალელურად, მოდელები Frontier, Armada და Pathfinder კვლავ V6-ით არიან აღჭურვილი. აღსანიშნავია ისიც, რომ VQ38DD ძრავმა გაიარა ექსტრემალური ტესტირება, სადაც 100 საათის განმავლობაში უწყვეტად მუშაობდა მაქსიმალურ ბრუნზე.

ყველაზე სასიხარულო სიახლე კი ახალი Xterra-ს დაბრუნებაა. Nissan-მა დაადასტურა, რომ მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, ახალი ყველგანმავალი არ გადავა ტურბო-ოთხიანებზე. ბრენდის ხელმძღვანელობის თქმით, მათ შეუძლიათ შექმნან ისეთი V6, რომელიც ეკოლოგიურ ნორმებსაც დააკმაყოფილებს და იმ სიმძლავრესა და გამძლეობასაც შეინარჩუნებს, რასაც ხალხი ასე აფასებს. ასე რომ, V6 Day ნამდვილად კარგი საბაბია, რომ კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი შიდა წვის ძრავების ოჯახის ამ გამორჩეულ წევრს.