აუქციონზე იყიდება Ferrari F40, რომელიც წელიწადში, საშუალოდ, 100კმ-საც არ ფარავდა
ავტომოყვარულებს შორის Ferrari F40-ის გამოყენების ორი რადიკალურად განსხვავებული მიდგომა არსებობს — ზოგიერთი, მაგალითად რეპერი Tyler, the Creator, მას ყოველდღიურად მართავს და საყიდლებზეც კი ლეგენდარული სუპერქარით დადის, სხვები კი მას ხელშეუხებელ საგანძურად ინახავენ და ავტოფარეხიდან თითქმის არასდროს გამოყავთ.
ასევე იხილეთ: რა არის Ferrari-ის შავი სია და ვინ არიან მასში?
16 მაისს, Mecum-ის აუქციონზე სწორედ მეორე კატეგორიის ეგზემპლარი გამოდის — 1991 წლის F40, რომლის ოდომეტრიც მხოლოდ 2 800 კილომეტრს აჩვენებს.
ავტომობილი რამდენიმე მიზეზის გამოა უნიკალური. პირველ რიგში, ის ერთ-ერთია იმ 213 ერთეულიდან, რომელიც სპეციალურად აშშ-ის ბაზრისთვის შეიქმნა (ჯამში გამოშვებული 1 315-დან). კიდევ უფრო განსაკუთრებულს მას ის ფაქტი ხდის, რომ დამატებული აქვს ძალიან იშვიათი ცვალებადი სიმაღლის დაკიდების სისტემა, რომელიც ძირითადად მხოლოდ ევროპული ბაზრისთვის იყო განკუთვნილი. 

მანქანას მოჰყვება Schedoni-ს ფირმის ჩანთების კომპლექტიც, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალმა მფლობელმა ამ მანქანით სამოგზაუროდ წასვლა გარისკოს (ან უბრალოდ არ დაენანოს...).
ალბათ, ხანგრძლივ განხილვას არ მოითხოვს იმის მტკიცება, რომ F40 ისტორიული მოდელია, რადგან ის უკანასკნელი ავტომობილია, რომელიც 1988 წელს გარდაცვალებამდე პირადად ენცო ფერარიმ დაამტკიცა. მისი 2.9-ლიტრიანი V8 ტურბო ძრავა 471 ცხენის ძალასგამოიმუშავებს, რაც 5-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მართვის სუფთა და დაუვიწყარ გამოცდილებას ქმნის. აუქციონზე გამოტანილი Rosso Corsa ფერის ეგზემპლარი იდეალურ მდგომარეობაშია, რაც Ferrari Classiche-ს სერტიფიკატითა და „წითელი წიგნითაც" დასტურდება.

Hagerty-ს შეფასებით, კარგ მდგომარეობაში მყოფი F40-ის ფასი საშუალოდ 2.7 მილიონი დოლარია, თუმცა ასეთი დაბალი გარბენის მქონე და იშვიათი კომპლექტაციის მოდელი, სავარაუდოდ, გაცილებით ძვირად გაიყიდება.