Lotus-ში დიდი ცვლილებებია — მალე Esprit-ი V8 ძრავით დაბრუნდება
20 წელზე მეტია, Lotus-ის ზემსუბუქი სპორტული ავტომობილებისა და Toyota-ს ერთი შეხედვით „მოსაწყენი“ ძრავების კომბინაცია გზებზე ნამდვილ მაგიას ქმნის. მიუხედავად ამისა, როგორც ყველაფერი, ეს ეპოქაც დასასრულს უახლოვდება. კომპანიამ დაადასტურა, რომ 2027 წლიდან Emira Toyota-სა და AMG-ს აგრეგატებს დაემშვიდობება და მათ ნაცვლად Horse-ის სიმძლავრეს გამოიყენებს. არა, ეს შეცდომა არ არის.
ასევე იხილეთ: 7 „ვიდიანი" მანქანა, რომელიც სინამდვილეში ნამდვილი კოშმარია!
საქმე ისაა, რომ Lotus-მა Emira 2022 წელს ბრენდის ბოლო შიდა წვის ძრავიან მოდელად წარადგინა, რის შემდეგაც კომპანია სრულ ელექტრიფიკაციაზე უნდა გადასულიყო. თუმცა, გეგმები შეიცვალა. Lotus-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ცინგფენგ ფენგმა დაადასტურა, რომ 2027 წლიდან ავტომობილი განახლდება და კომპანია Horse Powertrain-ისგან V6 ძრავას მიიღებს. ეს უკანასკნელი Renault-სა და Geely-ს (რომელიც Lotus-ის მფლობელია) ერთობლივი საწარმოა.

ახალი V6 ძრავა დიდებულად გამოიყურება — ის 536 ცხენის ძალასა და 700 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. რაც მთავარია, Lotus-ის ფილოსოფიის ერთგულებით, ეს აგრეგატი ბაზარზე არსებულ ნებისმიერ სხვა V6 ძრავაზე 10 კილოგრამით მსუბუქია.
საინტერესოა, რომ Lotus-ის ამბიციები ამით არ სრულდება. 2028 წელს კომპანია ლეგენდარული Esprit-ის დაბრუნებას გეგმავს, რომელიც Horse-ის მიერ შექმნილი ჰიბრიდული V8-ით იქნება აღჭურვილი და 986 ცხენის ძალაზე მეტს განავითარებს. ეს იქნება პირველი შემთხვევა 2004 წლის შემდეგ (როდესაც Esprit V8-ის წარმოება შეწყდა), როცა Lotus-ი საკუთარი წარმოების ძრავებს გამოიყენებს.

წლების განმავლობაში Toyota-ს 2GR ძრავა, რომელიც ჩვეულებრივ Camry-შიც გვხვდებოდა, Lotus-ის ხელში ნამდვილ სარბოლო იარაღად იქცეოდა ხოლმე. ახლა კი ბრენდი სრულიად ახალ ეტაპზე გადადის.
როგორ ფიქრობთ, დაკარგავს თუ არა Lotus თავის ხიბლს Toyota-ს საიმედო ძრავების გარეშე, თუ პირიქით — Horse-ის 536-ცხენისძალიანი აგრეგატი სწორედ ის არის, რაც ბრიტანულ სპორტულ ავტომობილს სჭირდებოდა?