Waymo-ს რობოტაქსი წყალმა წაიღო | კომპანიას ათასობით ერთეულის უკან გაწვევა მოუხდა
Waymo ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 800-მდე რობოტაქსს უკან გაიწვევს ერთი კონკრეტული მიზეზის გამო — როგორც აღმოჩნდა, კომპანიის თვითმართვადმა ავტომობილებმა არ იციან, რა უნდა გააკეთონ მაშინ, როდესაც წყალქვეშ აღმოჩნდებიან. ამ დეფექტის გამოსასწორებელ პროგრამულ უზრუნველყოფაზე ინჟინრები კვლავ მუშაობენ, უკან გაწვევა კი კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ სრულად ავტონომიური ავტომობილები სრულყოფილები კვლავ არ არიან.
Waymo-მ, რომელიც Google-ის მფლობელი კომპანიის, Alphabet-ის საკუთრებაა, დაადასტურა, რომ 20 აპრილს მისმა ცარიელმა რობოტაქსმა სან-ანტონიოში, ტეხასში, დატბორილ გზაზე მოძრაობა განაგრძო და მალევე წყლის ნაკადმა წაიღო. რობოტაქსების მწარმოებლის განცხადებით, სისტემამ შექმნილი ვითარება ამოიცნო, თუმცა, ამის მიუხედავად, დაბალი სიჩქარით მოძრაობა მაინც განაგრძო.

რობოტაქსების უკან გაწვევის თაობაზე ეროვნული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაციაში (NHTSA) წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, დეფექტი რობოტაქსების მეხუთე და მეექვსე თაობის ავტომატური მართვის სისტემებს შეეხება. ეს მოიცავს Waymo-ს 3 971 ერთეულ რობოტაქსს, რომლებიც 2022 წლის 17 მარტიდან 2026 წლის 20 აპრილამდე პერიოდში იწარმოა.
Waymo-ს განცხადებით, 20 აპრილის ინციდენტის შემდეგ კომპანიამ დამატებითი საოპერაციო შეზღუდვები დააწესა ისეთ ადგილებში, სადაც გზებზე წყალდიდობისა და დატბორვის მაღალი რისკია. თუმცა, ეს მხოლოდ პრობლემის „დროებითი გადაწყვეტაა“, საბოლოო ზომები კი ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია.

ის კი ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინციდენტი კომპანიისთვის საკმაოდ არასასურველ დროს მოხდა. იანვარში Waymo-მ რობოტაქსების ლონდონში გაშვება დააანონსა, გასულ თვეში კი საცდელი პერიოდიც დაიწყო. ლონდონში საქმე იმ ფაქტმაც გაართულა, რომ ერთ-ერთი Wayმო პოლიციის მიერ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე შევიდა, სადაც სამართალდამცველები მკვლელობის ფაქტს იძიებდნენ. ინციდენტის დროს ავტომობილს დისტანციურად მძღოლი მართავდა, რომელიც ამ ამბის შემდეგ Waymo-მ სამსახურიდან დაუყოვნებლივ დაითხოვა.