ელექტრომობილი, მერსედესი, პორშე ტაიკანი, მერსედეს ეიემჯი, მერსედეს ეიემჯი ჯითი
Aa
Aa

Mercedes-AMG-ს ახალი სუპერსედანით Porsche Taycan-ის განადგურება სურს

საავტომობილო ინდუსტრიის ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე დაფარულ საიდუმლოსაც ფარდა აეხადა. თქვენ წინაშე გერმანული გიგანტის ახალი სრულად ელექტრონული სედანია – Mercedes-AMG GT 4-Door Coupe. და ეს ხდება სწორედ იმ დროს, როდესაც სხვა ავტომწარმოებლები ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებულ გეგმებს აუქმებენ ან, სულ მცირე, ავადებენ. როგორც ჩანს, Mercedes-ი თავის პოზიციას მყარად იცავს და ბაზარს AMG GT 4-Door Coupe-ს შემცვლელად ელექტრომობილს სთავაზობს. ეს უკანასკნელი, თავის დროზე, ტვინ-ტურბო V8 ჰიბრიდული ძრავით იყო შემოთავაზებული და 831 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

ახალი AMG GT 4-Door Coupe უახლეს AMG.EA არქიტექტურაზეა დაფუძნებული და დიდწილად გასულ წელს კომპანიის მიერ წარდგენილ კონცეპტუალულ მოდელს – Concept AMG GT XX-ს ეყრდნობა. ამის მიუხედავად, გერმანულმა ავტომწარმოებელმა სერიულ მოდელში დიზაინი მნიშვნელოვნად შეცვალა და, იმის გათვალისწინებითაც, რომ სახეზე საკმაოდ დახვეწილი ავტომობილი გვაქვს, ავტომოყვარულებში ის მაინც გამოიწვევს აზრთა სხვადასხვაობას.

Mercedes-ის ახალი ელექტროსედანი Porsche Taycan-ისა და Audi e-tron GT-ისთვის კონკურენციის გასაწევადაა შექმნილი. თუმცა, დიზაინის თვალსაზრისით, კონკურენტებს აშკარა და თანაც საკმაოდ შესამჩნევი უპირატესობა აქვთ. მიუხედავად ამისა, Mercedes-ი უდავოდ ამაყობს ამ მოდელის წარმადობითა და მართვის შესაძლებლობებით, რომლებიც საჭესთან ყოფნისას მძღოლს ნამდვილი AMG-ის შეგრძნებებს უღვიძებს.

გერმანელებმა GT 4-Door Coupe 106 კვტ/სთ-ის ბატარეის ბლოკით, 800-ვოლტიანი ელექტროარქიტექტურითა და სამი მოწინავე ელექტროძრავით აღჭურვეს. როგორც ნავარაუდები იყო, ფლაგმანური GT 63 4Matic+ „ლანჩ-კონტროლის“ სისტემის აქტივაციისას წარმოუდგენელ 1 153 ცხენის ძალასა და 2 000 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. პარალელურად, Mercedes-AMG კიდევ ერთ მოდელს, ამჯერად GT 55-ის სახით შემოგვთავაზებს, რომლის სიმძლავრეც 805 ცხენის ძალაა.

რაც შეეხება ჩვენს მთავარ გმირს, GT 4-Door Coupe-ს (GT 63-ს), ის 100 კმ/სთ-ს სულ რაღაც 2.1 წამში ავითარებს, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარეს, სპეციალური Driver’s Package პაკეტით აღჭურვის შემთხვევაში, 300 კმ/სთ-ს აჭარბებს. ორივე მოდელის, GT 63-ისა და GT 55-ის წონა 2 460 კგ-ს შეადგენს.

მსგავსი ავტომობილებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია დამუხტვის სიჩქარე. 600 კვტ-მდე სიმძლავრის სწრაფი დამმუხტველის მხარდაჭერით, ელექტრომობილის ბატარეა 10-დან 80 პროცენტამდე სულ რაღაც 11 წუთში იმუხტება. ერთი სრული დამუხტვით კი GT 63-ს 696 კმ-ის, ხოლო GT 55 ვერსიას 700 კმ-მდე მანძილის დაფარვა შეუძლია.

გერმანელებმა ახალი სუპერსედანი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვეს, როგორიცაა ცენტრალურ კონსოლზე განთავსებული Response Control გადამრთველი ძრავის რეაგირების დასარეგულირებლად, ასევე Agility Control-ის მბრუნავი ღილაკი მოსახვევებში ავტომობილზე ზუსტი კონტროლისთვის და, დამატებით, მოდელი მოჭიდების კონტროლის ცხრა სხვადასხვა დონესაც გვთავაზობს. აქვე ძალიან საინტერესოა AMGFORCE S+ სისტემა, რომლის მიზანიც ლეგენდარული V8-ძრავიანი AMG GT R-ის ჟღერადობის იმიტირებაა.

მძღოლისთვის მართვის შვიდი სხვადასხვა რეჟიმი იქნება ხელმისაწვდომი, ესენია: კომფორტი, სპორტი, სარბოლო, მოცურებადი ზედაპირის, ეკომეგობრული, ინდივიდუალური და AMGFORCE Sport+ რეჟიმი. ამ უკანასკნელის გასააქტიურებლად საჭიროა ჩართული იყოს გადაცემათა ხელოვნური კოლოფი და V8 ძრავის იმიტირებული ჟღერადობა.

რაც შეეხება ინტერიერს, აქ მძღოლებს 14-დუიმიანი საინფორმაციო-გასართობი დისპლეი, 10.2-ინჩიანი ციფრული ხელსაწყოთა პანელი, კარბონის დეტალები და კომპლექსური, თუმცა დახვეწილი განათების სისტემა დახვდებათ.

ავტომობილის შესახებ თითქმის ყველა დეტალის გასაჯაროების მიუხედავად, ავტომწარმოებელს ღირებულება კვლავ არ დაუსახელებია. თუმცა, Mercedes-AMG-ის თქმით, ახალი სედანის ფასი მათი წინამორბედი ავტომობილების ღირებულებას დაეფუძნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები