14 წლის ნორვეგიელმა მოზარდმა ავტობუსი 6 თვეში მესამედ მოიპარა
ავტოინდუსტრიაში ბევრი უცნაური გატაცება გვინახავს, თუმცა 14 წლის ნორვეგიელი მოზარდის ისტორია მათ შორის გამორჩეულია. როგორც ჩანს, ბიჭმა საკუთარი მოწოდება მუნიციპალური ტრანსპორტის მართვაში იპოვა, თუმცა პრობლემა ისაა, რომ ის ამ ავტობუსებს უბრალოდ იპარავს. ბოლო 6 თვის განმავლობაში ეს უკვე მისი მესამე „გასეირნება“ იყო.
ყველაფერი 2025 წლის ნოემბერში დაიწყო, როდესაც მან კომპანია Connect Bus-ის დეპოდან ავტობუსი პირველად გაიტაცა და დაახლოებით 3 საათის განმავლობაში მას სანესისა და სტავანგერის ქუჩებში დაატარებდა, თან ვიდეოებს იღებდა და სოციალურ ქსელში ტვირთავდა.

პოლიციის უფროსი, მაგნუს იოტუნი გაოცებული დარჩა მოზარდის ცოდნით: „აქ მხოლოდ გასაღების პოვნა არ არის საქმე. საიდან ჰქონდა მას იმის ცოდნა, რომ ავტობუსი დაექოქა და ისე ემართა, რომ არაფერი დაეშავებინა, არ ვიცი“. ვინაიდან ბიჭი ასაკით პატარა იყო და ტექნიკა არ დაუზიანებია, საქმე არ აღუძრავთ.
თუმცა, სამართალდამცველების ოპტიმიზმი ნაადრევი აღმოჩნდა. უკვე 2026 წლის აპრილში, იმავე მოზარდმა მორიგი ავტობუსი გაიტაცა, ამჯერად ოსლოს სამხრეთით მდებარე გარაჟიდან და ნამდვილი საერთაშორისო ვოიაჟი მოაწყო. მან შეუმჩნევლად გადაკვეთა ნორვეგია-შვედეთის საზღვარი და 200 კილომეტრზე მეტი გაიარა, სანამ შვედეთის პოლიცია GPS ტრეკერის დახმარებით დააკავებდა. საქმის კურსში სოციალური მუშაკებიც ჩააყენეს, თუმცა არაფერი შეცვლილა...

სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ, 17 მაისს, მან მესამედ გაიბრძოლა — ამჯერად კომპანია Unibuss-ის ავტობუსი დაიმორჩილა ოსლოში და დღის სინათლეზე, სხვა მძღოლების თვალწინ, 320 კილომეტრი იარა ქალაქ კრისტიანსანდამდე. პოლიციაში მძღოლებმა დარეკეს, როცა საჭესთან ზედმეტად ახალგაზრდა „კოლეგა“ შეამჩნიეს.
პოლიცია და სატრანსპორტო კომპანიები საგონებელში არიან ჩავარდნილები, რადგან ვერ ხვდებიან, როგორ ახერხებს 14 წლის ბიჭი ასეთი გიგანტური მანქანების ასე მარტივად ათვისებას და უსაფრთხოების სისტემების გვერდის ავლით მათ გატაცებას.
ჩვენ ახალგაზრდა მძღოლის ნიჭიერებით აღფრთოვანებულები ვართ, თუმცა ფაქტია, მისი ნიჭი ოდნავ არასწორი მიმართულებით ვითარდება...