Toyota-მ 4.4 მილიონი ჰიბრიდი გაყიდა და ამ რიცხვთან ახლოს არავინ არ არის
ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა ბოლო წლებში სტაბილურად მზარდია და იმ ფონზე, როდესაც ელექტრომობილების მიმართ ინტერესი ამინდივით ცვალებადია, Toyota ამ სეგმენტის უგვირგვინო მეფედ რჩება. იაპონურმა გიგანტმა, რომელიც ჯერ კიდევ პირველი თაობის Prius-ის დროიდან პიონერი იყო, 2025 წელს მსოფლიოში რეკორდული — 4.4 მილიონი ჰიბრიდი გაყიდა. მიმდინარე, 2026 წლის რეალობაში კი, როდესაც საწვავის ფასი რეკორდებს ამყარებს, ეს ციფრები კიდევ უფრო სწრაფად იზრდება — წამყვან როლს ისევ და ისევ RAV4 და Camry თამაშობენ.
ასევე იხილეთ: 10 საუკეთესო „ჰიბრიდი“, რომელსაც 15 000$-მდე შეიძენთ
ტოიოტას ეს წარმატება შემთხვევითი არ არის — ის მიზანმიმართული, გრძელვადიანი სტრატეგიის შედეგია. გასულ წელს კომპანიამ დამატებით 912 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო ახალ სამუშაო ადგილებსა და საწარმოო ხაზებში ჰიბრიდების წარმოების კიდევ უფრო გასაზრდელად.

საინტერესოა 2025 წლის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებიც, რომლებიც ბრენდის დომინაციას კარგად ასახავს:
- გლობალურად ტოიოტამ 11.3 მილიონი ავტომობილი გაყიდა (4.6%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით);
- აშშ-ის ბაზარზე Toyota Motor North America-ს ჯამურმა გაყიდვებმა 2 518 071 ერთეული შეადგინა;
- აქედან უშუალოდ ჰიბრიდებზე 1 183 248 ერთეული მოვიდა, რაც 2024 წელთან შედარებით 17.6%-იანი ნახტომია;
- ელექტრიფიცირებული მოდელების (EV, Plug-in, Mild-Hybrid) წილმა ტოიოტას ამერიკულ გაყიდვებში 47%-ს მიაღწია;
- Lexus-მაც ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა — 131 851 გაყიდული ერთეული, სადაც მთავარი როლი Lexus RX ჰიბრიდმა ითამაშა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ გასულ წელს ამერიკელებმა ჯამში 16.3 მილიონი ახალი მანქანა შეიძინეს, გამოდის, რომ ყოველი მეშვიდე გაყიდული მანქანიდან ერთი ტოიოტა იყო, ხოლო ყოველი 15-დან ერთი — ტოიოტას ჰიბრიდი. მართალია, General Motors-მა საერთო გაყიდვებში მცირედით გაუსწრო ტოიოტას აშშ-ში (2.8 მლნ მანქანით), თუმცა ჰიბრიდულ ნიშაში იაპონელებს კონკურენტი უბრალოდ არ ჰყავთ.

ეს ტენდენცია 2025 წლის განმავლობაშიც აშკარა იყო: მაშინ, როდესაც ელექტრომობილების დილერებს დასახული გეგმების შესრულება უჭირდათ და ბაზარმა საგადასახადო შეღავათებიც დაკარგა, ჰიბრიდული Camry და სხვა მოდელები შოურუმებიდან მომენტალურად ქრებოდა. ჰიბრიდები დაახლოებით ორჯერ სწრაფად იყიდება, ვიდრე სუფთა ელექტრომობილები.

ტოიოტას თავმჯდომარის, აკიო ტოიოდას განცხადებით, ბრენდს ამ სეგმენტში ინვესტირების დღიდან დღემდე 27 მილიონზე მეტი ჰიბრიდი აქვს გაყიდული. ეს ქეისი აჩვენებს, რომ ბაზარი ყოველთვის აჯილდოებს მათ, ვისაც საკუთარი პროდუქტის მტკიცედ სჯერა.