გაყიდვები, ელექტრომობილები, ევროპა
Aa
Aa

ელექტრომობილების ხარჯზე, ზედიზედ მესამე თვეა ევროპაში ავტომობილების გაყიდვები იზრდება

ევროპაში აპრილში ავტომობილების გაყიდვები კვლავ გაიზარდა, რაც ელექტრომობილებსა და ჰიბრიდებზე მაღალი მოთხოვნის შედეგია.

ევროპის ავტომწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) განცხადებით, გასულ თვეში ევროპის მასშტაბით ახალი ავტომობილების რეგისტრაცია 7%-ით გაიზარდა და 1.15 მილიონს მიაღწია. გაყიდვები გაიზარდა ძირითად ბაზრებზე — მათ შორის გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოში, ხოლო უშუალოდ ელექტრომობილების მიწოდება იმავე პერიოდში 38%-ით გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს

მაღალი მოთხოვნა კარგი ამბავია ავტომწარმოებლებისთვის, რომელთაც ჭარბი წარმოება აქვთ და პარალელურად ამერიკის შეერთებული შტატებისგან ტარიფების ზეწოლასა და ჩინეთის ბაზარზე გაყიდვების შემცირებას ებრძვიან. ელექტრომობილების გაყიდვები კი ბაზარზე ხელმისაწვდომი ავტომობილების მიწოდების მატების პარალელურად იზრდება. ევროპელ მომხმარებელს ხელმისაწვდომ მოდელებს სთავაზობენ როგორც ადგილობრივი მწარმოებლები, როგორიცაა Volkswagen AG და Stellantis NV, ასევე ჩინური ბრენდები — რა თქმა უნდა, BYD-ით სათავეში.

ამავდროულად, ბაზარზე, ბუნებრივია, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაც მოქმედებს. მაგრამ, იმის მიუხედავადაც, რომ კონფლიქტი უკვე თითქმის სამი თვეა გრძელდება და საწვავის გაზრდილ და მერყევ ფასებში აისახება, რაიმე კონკრეტულ შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა. თუმცა, თუ კონფლიქტი კიდევ გაგრძელდება, შესაბამის მონაცემებსაც მივიღებთ. Bloomberg Intelligence-ის შეფასებით, ენერგოფასების ზრდამ შესაძლოა შეარყიოს მომხმარებელთა ნდობა და შეამციროს ხარჯები ისეთ ძვირადღირებულ ნივთებზე, როგორებიც თუნდაც ავტომობილებია.

ელექტრომობილების გაყიდვების ზრდის პარალელურად კი ძალიან საინტერესოა ერთი ფენომენი: რაც არ უნდა იმატებდეს ხელმისაწვდომ EV-ებზე მოთხოვნა, იმდენადვე რთულია ძვირადღირებული ელექტრომობილებით მომხმარებელთა დაინტერესება. ეს კი გარკვეულწილად შესაძლოა იმ ფაქტზე მიუთითებდეს, რომ ელექტრომობილების ყიდვის გადაწყვეტილებას მძღოლები მხოლოდ და მხოლოდ მისი დაბალხარჯიანობის გამო იღებენ.

ამავდროულად, გასულ თვეში ევროპაში ჰიბრიდების მიწოდებაც გაიზარდა, ხოლო ბენზინისა და დიზელის ძრავებზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვები შემცირდა. ეს მიანიშნებს ბაზრის უწყვეტ სტრუქტურულ ცვლილებაზე ბატარეაზე მომუშავე ავტომობილებისკენ.

საინტერესოა ისიც, რომ საკმაოდ რთული 2025 წლის შემდეგ, ამერიკული Tesla ევროპის ბაზარზე გაყიდვების აღდგენას აგრძელებს. აპრილში Tesla-ს ელექტრომობილების მიწოდება რეგიონში 47%-ით გაიზარდა. მიწოდების ზრდა დააფიქსირეს Volkswagen-მა, Stellantis-მა, Mercedes-Benz Group AG-მ და BMW AG-მ. ჩინურ მწარმოებლებს შორის კარგი შედეგები აჩვენეს Geely-მ და BYD-მ, თუმცა უნდა აღინიშნოს Chery Automobile Co-ს სწრაფი ნახტომიც, რომელმაც აპრილში გაყიდვების 322%-იანი მატება დააფიქსირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები