ტაქსის გამოძახების პლატფორმა Uber-მა ტოკიოში Uber Drift-ი გაუშვა
ტაქსის გამოძახების გლობალურმა პლატფორმამ, Uber-მა, ტოკიოში ლიმიტირებული შეთავაზების, Uber Drift-ის სერვისის ჩაშვება დააანონსა. შეთავაზება კომპანიის საერთაშორისო სერიის — Go Anywhere-ის ნაწილია და უცხოელ ვიზიტორებს უნიკალურ შანსს აძლევს, იაპონიის „მიწისქვეშა დრიფტ-კულტურა“ თავადვე გამოცადონ.

Uber-ის შეთავაზება ნახევარდღიან მარშრუტს ითვალისწინებს, ტური კი ასე გამოიყურება: მომხმარებლებს სასტუმროდან პრემიუმკლასის Uber Black-ით წაიყვანენ და ტოკიოში კარგად ცნობილ Mobara Twin Circuit-ის ავტოდრომზე მიიყვანენ. ეს უკანასკნელი ადგილობრივებში თავისი რთული და ტექნიკური მოსახვევებითაა სახელგანთქმული. ავტოდრომზე მათ სპეციალური, 90-წუთიანი ექსტრემალური შოუც ელით, რომლის დროსაც Formula Drift-ის ლიცენზირებული მრბოლელების გვერდით, სავარძელში დაიკავებენ ადგილს. რბოლებისთვის კი ისეთ ლეგენდარულ მოდელებს გამოიყენებენ, როგორებიცაა Nissan Silvia S15 და Nissan 180SX.
წლების განმავლობაში, იაპონიის ავთენტიკური დრიფტის სცენის ნახვა მხოლოდ ე.წ. „ანდერგრაუნდ“ სამყაროში შეღწევით იყო შესაძლებელი — ეს მოითხოვდა ენის ცოდნას, საჭირო კონტაქტების ყოლასა და ღამით, ტოკიოს გარეუბნებში გასეირნების სურვილს. Uber Drift-ი ამ დამკვიდრებულ პრაქტიკას სრულად ცვლის და იაპონელების დახურულ სუბკულტურას კომფორტულ, მდიდრულ სერვისად აქცევს.
ასევე დაგაინტერესებთ: ბანდა, რომელსაც პოლიცია ვერ აჩერებდა - შუა ღამის კლუბის ისტორია
ტრეკის გავლის დროს, პროფესიონალი მძღოლები მგზავრების მოხიბვლას ტანდემური, სინქრონული რბოლებით შეეცდებიან — ავტომობილები მოსახვევებში გვერდულად, ერთმანეთისგან სულ რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით სრიალებენ. საათში 100 კილომეტრის სიჩქარის განვითარებისას კი, 90-წუთიანი ტრასის სესია მგზავრებისთვის დაუვიწყარი ადრენალინის გარანტიაა.
სერვისის დაჯავშნა მობილური აპლიკაციითაა შესაძლებელი, თუმცა კერძო ტრანსფერების ფუფუნების მიუხედავადაც, Uber-მა შეძლო „ანდეგრაუნდ დრიფტისთვის“ დამახასიათებელი მეამბოხე სული შეენარჩუნებინა. რა თქმა უნდა, სრული სესიის დროს, უსაფრთხოების სტანდარტები მაღალ დონეზეა დაცული, თუმცა შექმნილი ატმოსფერო ხელოვნურობის განცდას ნამდვილად არ დაგიტოვებთ.

აპლიკაციის საშუალებით ჯავშნების მიღება 2026 წლის 27 მაისიდან დაიწყო, ხოლო უშუალოდ სესიები 3 ივნისიდან 1 ივლისამდე გაგრძელდება. თუმცა, მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, ადგილის მიღება, ალბათ, საკმაოდ რთული პროცესი იქნება.