უსაფრთხოების სისტემა, უსაფრთხოების ტესტი, უსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი, ბიემვი, ბეემვე, ტექნოლოგიები
Aa
Aa

ხელოვნური ინტელექტის წყალობით, თქვენი მომდევნო BMW უფრო უსაფრთხო იქნება

ხელოვნური ინტელექტის ბუმი საავტომობილო ინდუსტრიას სულ უფრო მეტად ეხება და მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლები მას უკვე სერიოზული საინჟინრო გამოწვევების გადასაჭრელადაც იყენებენ. ამჯერად, გერმანულმა გიგანტმა BMW Group-მა ოფიციალური პარტნიორობა გააფორმა წამყვან AI კომპანია Mistral AI-სთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს კოლაბორაცია უშუალო გავლენას მომენტალურად ვერ მოახდენს ავტომფლობელებზე, ბრენდის განცხადებით, ის უსაფრთხოების ტესტირებასა და ახალი მოდელების სიმულაციაში რევოლუციურ გარდატეხას გვპირდება.

ასევე იხილეთ: BMW-ს ბურუსით მოცული წარსული და აქამდე უცნობი ფაქტები

ამ პარტნიორობის ფარგლებში, BMW და Mistral AI სპეციალიზებულ ინდუსტრიულ მოდელებს შექმნიან. ზოგადი და პოპულარული AI პლატფორმებისგან (რომლებიც ინტერნეტის ღია მასალებზე იწვრთნებიან) განსხვავებით, ეს სისტემა მხოლოდ საინჟინრო და უსაფრთხოების მონაცემებზე იქნება ორიენტირებული.

ბავარიულ ბრენდს ამისთვის უზარმაზარი ბაზა გააჩნია — BMW ყოველკვირეულად ათასობით ვირტუალურ ქრაშ-ტესტს ატარებს და წლების განმავლობაში დაგროვილი აქვს 1 პეტაბაიტზე (1000 ტერაბაიტი) მეტი ინფორმაცია ავარიების შესახებ. ხელოვნური ინტელექტი ამ მონაცემების დამუშავებით შეძლებს წამებში განსაზღვროს, თუ როგორ მოიქცევა ავტომობილის ესა თუ ის კონკრეტული სტრუქტურა, დეტალი ან მასალა შეჯახებისას და რამდენად კრიტიკულ გავლენას მოახდენს ის მგზავრების უსაფრთხოებაზე.

„ვამაყობთ BMW Group-თან პარტნიორობით. ეს კოლაბორაცია ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ინდუსტრიაზე მორგებულ ხელოვნურ ინტელექტს ისეთი რთული საინჟინრო გამოწვევების გადაჭრა, როგორიც ქრაშ-სიმულაციებია“, — აღნიშნა Mistral AI-ის გაყიდვების დირექტორმა. 

ქრაშ-ტესტების გარდა, ხელოვნური ინტელექტი BMW-ს მომავალი მოდელების პროგრამული უზრუნველყოფის კოდირებასა და დეველოპმენტშიც ეხმარება. საქმე, რომელსაც ადრე ინჟინრების მთელი დღე სჭირდებოდა, ახლა რამდენიმე წუთში სრულდება.

„წარსულში ბევრად მეტი მუშახელი გვჭირდებოდა. ახლა კი ეფექტიანობის უზარმაზარ პოტენციალს ვიყენებთ. ხელოვნური ინტელექტი ძალიან გვეხმარება, მაგალითად, კოდირებაში. ჩვენ მივაღწიეთ წარმოუდგენელ სისწრაფეს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში, რაც ავტომატურად აჩქარებს ახალი ავტომობილის განვითარების მთლიან ციკლს“, — განაცხადა BMW-ს განვითარების დირექტორმა, იოახიმ პოსტმა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები