ჰიპერქარი, ბუგატი, ბუგატი შირონი, ბუგატი ტურბილონი, უნიკალური ავტომობილი
Aa
Aa

W16 უნდა „მომკვდარიყო“, თუმცა Bugatti-მ მისი გადარჩენის გზას მიაგნო

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი მოდელი Bolide-სა და Tourbillon-ის დიზაინის ელემენტებს აერთიანებს.

მანამ, სანამ Bugatti თავისი საკულტო მოდელის, Chiron-ის დიდი ხნის ნანატრ მემკვიდრეზე — Tourbillon-ზე მუშაობას ასრულებს, ვრცელდება ხმები, რომ ფრანგული ავტომწარმოებელი მორიგ სუპერექსკლუზიურ ჰიპერქარზე მუშაობს. სუპერექსკლუზიური კი ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ Bugatti-ს ახალი მოდელი უნიკალური იქნება და მხოლოდ ერთ ეგზემპლარად გამოვა. ამ უკანასკნელს კი ავტომწარმოებლის სპეციალური დანაყოფი, Programme Solitaire ააშენებს.

ასევე დაგაინტერესებთ: Bugatti-ის ტრაგიკული ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები

Programme Solitaire-ს წლიურად მხოლოდ ორი ავტომობილის აწყობის რესურსი აქვს. თავისი პირველი მოდელი კი გასული წლის აგვისტოში წარადგინა. ისიც ერთადერთ ეგზემპლარად შექმნილი, Chiron-ის ბაზაზე დაფუძნებული Brouillard-ი გახლდათ. უნიკალური მოდელის დებიუტიდან დაახლოებით ექვს თვეში კი Bugatti FKP Hommage-ც ვიხილეთ — Veyron-ის თანამედროვე ინტერპრეტაცია.

The Supercar Blog-ის თანახმად, Solitaire-ს უახლესი ნამუშევარიც Chiron-ზე იქნება დაფუძნებული, თუმცა დიზაინის ელემენტებს ახალი Tourbillon-ისგან და შეზღუდული გამოშვების, მხოლოდ სარბოლო ტრეკისთვის განკუთვნილი Bolide-სგან მიიღებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ავტომობილის შესაძლო იერსახის ამსახველი ფოტოები არ მოგვეპოვება, რთული არ უნდა იყოს იმის წარმოდგენა, თუ რას შემოგვთავაზებს Bugatti. უნდა ითქვას, რომ Tourbillon-ს უკვე აქვს Bugatti-სთვის დამახასიათებელი ყველა ძირითადი ელემენტი, მათ შორის: ნალისებრი ცხაური და გვერდითი, C-ხაზის თაღები.

შედარებისთვის, Bolide ძალიან განსხვავდება მის ბაზად გამოყენებული Chiron-ისგან — გაცილებით აგრესიული ძარა აქვს და მაქსიმალური დამწევი ძალის უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული. შედეგად, Bolide-ს მკვეთრი ფორმებისა და Tourbillon-ის დახვეწილი ხაზების შერწყმით, მართლაც გამორჩეული და სანახაობრივი მოდელი უნდა მივიღოთ.

ვინაიდან ავტომობილი Chiron-ის ბაზაზე შეიქმნება, ის გახდება ერთ-ერთი ბოლო Bugatti, რომელიც ავტომწარმოებლის ლეგენდარულ, 8-ლიტრიან კუატროტურბო W16 ძრავაზე იმუშავებს. ცნობისთვის, ეს პატივი Mistral-ს უნდა რგებოდა, თუმცა ის Solitaire-ს შექმნამდე წარადგინეს. Solitaire-ს შექმნის მიზეზი კი მძღოლების მხრიდან ექსკლუზიურ ჰიპერქარებზე მაღალი მოთხოვნა გახდა.

სავარაუდოდ, ამ განსაკუთრებული Bugatti-ს პრეზენტაცია მიმდინარე კვარტლის ბოლოს ან მესამე კვარტალში შედგება. ამისთვის კი მონტერეის საავტომობილო კვირეული, შესაძლოა, ყველაზე ლოგიკური ლოკაცია იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები