ფატალური ავარიის შემდეგ, Uber-მა ავტონომიური სერვისის პროგრამა შეაჩერა | თუმცა ახლა სისტემაზე $500 მილიონს ჩამოდის
ტაქსის სერვისის კომპანია Uber-ისა და თვითმართვადი ავტომობილების ურთიერთობა ტრაგედიით დაიწყო. 2018 წლის დასაწყისში კომპანიის მიერ სატესტო რეჟიმში მყოფი Volvo XC90 არიზონაში ველოსიპედისტს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ველოსიპედისტი ადგილზე გარდაიცვალა. ფატალური ინციდენტის გამო Uber-მა ავტონომიური პროგრამის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო და სრულად შეცვალა მიდგომა. დამოუკიდებლად, თავისი ტექნოლოგიის შექმნის ნაცვლად კი, ხელშეკრულებები ამ სფეროში მოღვაწე კომპანიებთან გააფორმა.
ასევე იხილეთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?
Uber-ი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფსონს Nuro-ზე ჩამოდის. Nuro 2016 წლის შუა პერიოდში Google-ის ყოფილმა ინჟინრებმა დააარსეს. სტარტაპი თავდაპირველად მხოლოდ მცირე ზომის ავტონომიური მიწოდების ავტომობილებზე იყო ორიენტირებული, თუმცა წელს გაირკვა, რომ Lucid-თან და Uber-თან ერთად კომპანია უკვე აშშ-ში რობოტაქსის უზარმაზარი ფლოტის განთავსებაზე თანამშრომლობს.
უახლესი გარიგების ფარგლებში, Uber-ი Nuro-ში 500 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ჩადებს. თანხას კომპანია ეტაპობრივად მიიღებს. თუმცა ამ კომპანიების პარტნიორობა მხოლოდ ამ შეთანხმებით არ შემოიფარგლება და არც დაწყებულა. კერძოდ, 2025 წლის ბოლოს Uber-ი კომპანიის დაფინანსების რაუნდშიც მონაწილეობდა, რომლის შედეგადაც Nuro-ს ღირებულება $6 მილიარდამდე გაიზარდა.

Reuters-ის ინფორმაციით, Nuro-მ შესაძლოა დამატებით კიდევ მიიღოს დაფინანსება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტის პირობები წარმატებით შესრულდება. ეს მოიცავს: მძღოლის გარეშე, მათ მანქანებში ავტონომიური სისტემის გამოცდას, რეალური მგზავრების გადაყვანის დაწყებას და უკვე 2027 წლისთვის სერვისის შემდგომ გაფართოებას.
Nuro-ს რობოტაქსების ფლოტისთვის სპეციალურად აღჭურვილ ელექტროქროსოვერებს — Lucid Gravity SUV-ებს გამოიყენებენ. ეს მოდელი Nuro Driver Level 4-ის ავტონომიური სისტემით აღიჭურვება, რომელიც Nvidia-ს Drive AGX Thor-ის კომპიუტერის საშუალებით იმუშავებს.

დამატებით, Uber-ი სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობით რამდენიმე პროექტს ახორციელებს. მათ შორის, ამავე პროექტის ფარგლებში, Uber-მა დამატებით $500 მილიონი Lucid-საც გამოუყო, ასევე აიღო ვალდებულება, 2031 წლამდე Rivian-ში $1.25 მილიარდის ინვესტირება განახორციელოს, რათა კიდევ ერთი რობოტაქსების ფლოტი შექმნას.