პოლიცია, აშშ, ქუჩის რბოლა, კანონები, ლას-ვეგასი
Aa
Aa

ლას-ვეგასის პოლიციამ ქუჩის მრბოლელებს მანქანები პირდაპირ ეთერში გაუნადგურა

ნევადის შტატში არალეგალური ქუჩის რბოლების წინააღმდეგ ბრძოლამ სრულიად ახალი, რადიკალური სახე მიიღო. გასულ ოთხშაბათს ლას-ვეგასის მეტროპოლიტენის პოლიციამ (LVMPD) გამართა პრესკონფერენცია, რომლის მთავარი მიზანიც არა მშრალი სტატისტიკის კითხვა, არამედ ჩამორთმეული ავტომობილების საჯარო, დემონსტრაციული განადგურება იყო.

ასევე იხილეთ: ბანდა, რომელსაც პოლიცია ვერ აჩერებდა - შუა ღამის კლუბის ისტორია

 

ეს მანქანები სამთავრობო აუქციონის ნაცვლად სპეციალურ გადამამუშავებელ ქარხანაში წაიღეს და კამერების თვალწინ, გიგანტურ შრედერში ცოცხლად დაფშვნეს. ეს მკაფიო, დაუნდობელი სიგნალია მათთვის, ვინც ნამდვილ საავტომობილო კულტურას სახელს უტეხს.

რას გულისხმობს ნევადის ახალი კანონი?

თუ ფიქრობთ, რომ ეს უბრალოდ საიმიჯო სვლა იყო, ცდებით. სინამდვილეში საქმე ნევადის ახალი კანონის აღსრულებასთან გვაქვს. კანონი პოლიციას უფლებას აძლევს, ქუჩის რბოლებში, დევნასა და სახიფათო მართვაში შემჩნეული, ჩამორთმეული ავტომობილები სამუდამოდ გაანადგუროს. აღარანაირი ჯარიმა, აღარანაირი დროებითი საჯარიმო ავტოსადგომი — მანქანა უბრალოდ არსებობას წყვეტს.

View this post on Instagram

A post shared by FOX5 Las Vegas (@fox5vegas)

ძველი საკანონმდებლო ბაზით, ჩამორთმეული მანქანები სახელმწიფო აუქციონზე გადიოდა, სადაც ხშირად, ირონიულად, ისევ იმავე სარბოლო კომუნის წევრების ან თავად მფლობელების ხელში ბრუნდებოდა. ახალმა კანონმა ეს წრე სამუდამოდ გაარღვია — როგორც გრეიჯოების გვარი იტყოდა „სამეფო კარის თამაშებიდან“, ის რაც მკვდარია, ვეღარ მოკვდება...

„თუ თქვენ მონაწილეობას მიიღებთ ამ კრიმინალურ აქტივობებში, ჩვენ დაგაპატიმრებთ და გავანადგურებთ იმ ტრანსპორტს, რომლითაც ჩვენს საზოგადოებას საფრთხეს უქმნით“, — განაცხადა შერიფმა კევინ მაკმაჰილმა. 

ლას-ვეგასს ამერიკულ ქუჩის რბოლების კულტურაში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. უდაბნოს განიერი გზები, გვიანი ღამის ცარიელი მაგისტრალები და სანახაობაზე ორიენტირებული ქალაქის ინფრასტრუქტურა იდეალურ გარემოს ქმნიდა არალეგალური შეკრებებისა და მაღალსიჩქარიანი რბოლებისთვის.

აქამდე პოლიციის მხრიდან მანქანის ჩამორთმევის ფსიქოლოგიური ეფექტი მინიმალური იყო, რადგან მძღოლებმა იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან მანქანას დაიბრუნებდნენ. საჯარო განადგურება კი ვითარებას ძირეულად ცვლის. როდესაც მრბოლელმა იცის, რომ მისი წლების ნაშრომი, აწყობილი პროექტი რამდენიმე წუთში ჯართად გადაიქცევა, რისკის კალკულაცია სულ სხვაგვარად ხდება.

პირველი მსხვერპლი: კლასიკური პლატფორმები

საინტერესოა, რომელი ავტომობილები ემსხვერპლა ამ ახალი კანონის პირველ ტალღას. პოლიციის შრედერში პირველად ქუჩის რბოლებისა და დრიფტ-შოუების ყველაზე ტიპური, კლასიკური წარმომადგენლები მოათავსეს: Nissan 350Z და Infiniti G37 Sedan-ი. 

ორივე ეს ავტომობილი თავისი ხელმისაწვდომი უკანა ამძრაობისა და VQ ძრავების გამო საუკეთესო პლატფორმაა ხულიგნობისთვის, თუმცა ამ კონკრეტული მოდელების ისტორია ლას-ვეგასის ნაგავსაყრელზე დასრულდა.

ნევადის ეს მიდგომა უპრეცედენტოდ მკაცრია ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით. სანამ სხვა შტატები ჯარიმების გაზრდითა და მართვის მოწმობის ხანგრძლივი ჩამორთმევით შემოიფარგლებიან, ვეგასმა რადიკალური გზა აირჩია. თუ ეს მეთოდი ქალაქის ქუჩებში არალეგალური ტეიქოვერების რაოდენობას შეამცირებს, დიდია შანსი, რომ მსგავსი მკაცრი კანონმდებლობა აშშ-ის სხვა შტატებმაც გადაიღონ. საავტომობილო ენთუზიასტებისთვის ეს ძალიან სერიოზული პრეცედენტია — ომი არალეგალურ რბოლებთან ახალ ფაზაში შევიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები