ჯარიმები, საქართველო, მაღალი სიჩქარე, სიჩქარის გადაჭარბება, საგზაო ჯარიმები
Aa
Aa

სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმები მცირდება | კანონპროექტი უკვე მომზადდა

სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა. ცვლილებები, რომელიც ირაკლი კირცხალიამ წარადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევა და ჯარიმების შემსუბუქებასაც ითვალისწინებს. 

„მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ით გადაჭარბება ისჯება ჯარიმით 100 ლარის ოდენობით, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება – ჯარიმით 300 ლარის ოდენობით.

წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული და პროპორციული. კერძოდ:

15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა, ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით; 30 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით; 40 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს, 300 ლარის ნაცვლად, 100 ლარით დაჯარიმებას. 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

აღსანიშნავია, რომ ეს მიდგომა უზრუნველყოფს სამართალდარღვევის სიმძიმისა და დაკისრებული პასუხისმგებლობის პროპორციულობას, ხოლო მაღალი საზოგადოებრივი საფრთხის შემცველი ქმედებისთვის (50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის) მკაცრი სანქცია ძალაში დარჩება.

„აქვე მსურს, აღვნიშნო, რომ ვაგრძელებთ დაკვირვებას პრევენციული მექანიზმების პრაქტიკაში განხორციელების კუთხით, რათა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, ხოლო მეორე მხრივ, ეს მექანიზმები იყოს პროპორციული. შესაბისად, გაგრძელდება მოქმედი კანონმდებლობის სისტემური ანალიზი, რათა გამოვლინდეს ის ნორმები და სანქციები, რომლებიც საჭიროებს დამატებით მსჯელობას. ასეთის გამოვლენის შემთხვევაში საზოგადოებას ეტაპობრივად ეცნობება ცვლილებების შესახებ“, – განაცხადა კირცხალიამ.

წყარო - პირველი არხი 

მსგავსი სიახლეები