კვლევა, გამძლე ავტომობილები, ლექსუსი, მინი, ბუიკი, საიმედოობის კვლევა
Aa
Aa

ავტომობილების საიმედოობა ისტორიულ მინიმუმზეა | ყველაზე საიმედო და პრობლემური ავტომწარმოებლები

კვლევითმა სააგენტომ J.D. Power-მა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავტომობილების საიმედოობის გათვალისწინებით, ყოველწლიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. 2026 წლის ანგარიშიც, ტრადიციულად, სამი წლის ასაკის ავტომობილის მფლობელთა გამოკითხვას ეფუძნება. წარმოდგენილი რეიტინგი ყოველ 100 ერთეულ ავტომობილზე გამოვლენილი პრობლემის / დეფექტის რაოდენობის (PP100) გათვალისწინებითაა შედგენილი, დაბალი მაჩვენებელი კი პროდუქტის მაღალ საიმედოობაზე მიუთითებს.

ასევე იხილეთ: 8 გამძლე და საიმედო მანქანა, რომელსაც დამწყები მძღოლები 5000$-ად შეიძენენ

J.D. Power-ის მიმდინარე წლის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტექნოლოგიური პროგრესისა და წინსვლის მიუხედავადაც, ავტოინდუსტრიაში მომხმარებელთა უკმაყოფილება იზრდება. მაგალითად, წელს ყოველ 100 ერთეულ ავტომობილზე გამოვლენილი პრობლემების საშუალო ინდუსტრიულმა მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს — 204 PP100-ს მიაღწია. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადი ნეგატიური ტენდენციის მიუხედავადაც, ცალკეული მარკები, წლების შემდეგაც, საიმედოობის მაღალ დონეს ინარჩუნებენ.

მაგალითად, მათ რიგებში პირველი Lexus-ია, რომელიც ზედიზედ უკვე ოთხი წელია J.D. Power-ის საიმედოობის რეიტინგის სათავეშია. ამჟამად ავტომწარმოებლის მაჩვენებელი ყოველ 100 ავტომობილზე 151 პრობლემაა, რითაც მცირედით უსწრებს ამერიკულ Buick-ს — ამ უკანასკნელის შემთხვევაში ყოველ 100 ერთეულ ავტომობილზე 160 პრობლემა გამოვლინდა. ხოლო საუკეთესო სამეულს ბრიტანული MINI ხურავს (168 PP100).

ტრადიციულად, კარგ შედეგებს აფიქსირებენ იაპონური ავტომწარმოებლები — მათ შორის ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Subaru, Toyota, Nissan, Honda და Mazda. თითოეული მათგანი, ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელზე ბევრად მაღალ შედეგს ავლენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრემიუმსეგმენტში სტაბილური საიმედოობით გამოირჩევიან Cadillac, Porsche, BMW და Genesis.

J.D. Power-ის კვლევის თანახმად, ტრადიციული მექანიკური კომპონენტების საიმედოობა ბოლო წლებში გაუმჯობესებულია, რასაც ვერ ვიტყვით ციფრულ ტექნოლოგიებზე. შეფასებული ცხრა კატეგორიიდან ყველაზე პრობლემურ საკითხად კი მულტიმედიური სისტემები სახელდებიან. მაგალითად, ზედიზედ ბოლო სამი წელია, ავტომობილების ყველაზე ხშირად გამოვლენილ ხარვეზად Android Auto-სა და Apple CarPlay-ის სმარტფონებთან კავშირისა და სინქრონიზაციის პრობლემები რჩება.

კვლევამ ასევე მკაფიო დისბალანსი აჩვენა სხვადასხვა ტიპის ძრავების მქონე ავტომობილებს შორის, კერძოდ:

- პლაგ-ინ ჰიბრიდები (PHEV): პლაგ-ინები მიმდინარე წელს ყველაზე ნაკლებად საიმედო კატეგორიად დასახელდა. მათი შედეგები ყოველ 100 ავტომობილზე 281 პრობლემას ავლენს, რაც წინა წელთან შედარებით მკვეთრი გაუარესებაა.
- შიგაწვის ძრავიანი ავტომობილები: ძრავის ერთადერთი ტიპია, რომლის საიმედოობა გასულ წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია. ამჟამად ყოველ 100 ავტომობილზე საშუალოდ 198 პრობლემა ფიქსირდება.

აქვე გეტყვით, რომ რეიტინგის ბოლო პოზიციებზე, ყველაზე პრობლემულ საავტომობილო მარკებს შორის მოხვდნენ Volkswagen-ი, Volvo და Land Rover-ი. საიმედოობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი Volkswagen-ს აქვს — 301 პრობლემა ყოველ 100 ავტომობილზე.

პოზიცია ბრენდი პრობლემა 100 ავტომობილზე (PP100) ცვლილება 2025 წელთან შედარებით
1 Lexus 151 +11
2 Buick 160 +17
3 MINI 168 -22
4 Cadillac 175 +6
5 Chevrolet 178 +9
6 Subaru 181 -31
7 Porsche 182 -4
8 Toyota 185 +23
9 Kia 193 -3
10 Nissan 194 -2

მსგავსი სიახლეები