საავტომობილო მკრეხელობა — Porsche 911 Ferrari-ს V8 ძრავით
ძრავის ცვლილება ყოველთვის საინტერესო მოვლენაა — შეუძლებელია, აზარტი არ ახლდეს პროცესს, როცა უნდა გავიგოთ, როგორ იმუშავებს ერთი ავტომობილისთვის შექმნილი აგრეგატი სხვა ტიპის ავტომობილზე — ამის გათვალისწინებითაც კი, ის რაც ახლა უნდა განვიხილოთ, სრული სიგიჟეა — რთულია იპოვოთ იმაზე უფრო არათანაბარი და გიჟური კომბინაცია, ვიდრე ეს პროექტია: დიახ, თქვენ წინაშეა Ferrari-ს V8 ძრავი, რომელიც ლეგენდარული Porsche 911-ის უკანა ნაწილშია ჩაკვეხებული.
ასევე იხილეთ: რატომ მოკლეს Porsche-ს ლეგენდარული „ტუნერი" განგსტერებმა?
ეს პროექტი გერმანული ბრენდის ფანატიკოსებს ნამდვილად მოუშლის ნერვებს. თუმცა, დანარჩენებისთვის, იუთუბერ ჯიმი ოუკსის ეს პროექტი, რომლის სპონსორიც ცნობილი ბრენდი ENEOS-ია, იტალიური ძრავის სიმძლავრის, გერმანული შასის ინჟინერიისა და იაპონური ავტოსპორტის მემკვიდრეობის გენიალური ნაზავია. Porrari, როგორც ავტომობილს სიმბოლურად შეარქვეს, 1978 წლის Porsche 911 SC-ზეა დაფუძნებული, რომლის გულსაც ახლა Ferrari-ს მიერ აწყობილი Maserati-ს F136 სერიის V8 აგრეგატი წარმოადგენს.

კოლოსალური შრომა გიჟური იდეის მიღმა
Porrari პუბლიკის წინაშე კონექტიკუტში, Formula Drift-ის პირველ ეტაპზე წარსდგა და მისი ვიზუალი სრულად პასუხობს დრიფტის სპეციფიკას — მოხსნილი ბამპერები, საკულტო RAYS VRX-10 დისკები, კლასიკური წითელი შეფერილობა და სპეციალურად დამზადებული გაფართოებული ფრთები. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მანქანა ტრეკის ხულიგანს ჰგავს, რეალურად 911-ის შასი სრულად გაშიშვლდა და რესტავრირდა — სახურავი ნახშირბადის პანელით შეცვალეს, ხოლო ძრავზე მუშაობის დაწყებამდე ელექტროგაყვანილობის სრულიად ახალი სისტემა მოარგეს.

F136 V8 ძრავი დაწყვილებულია Porsche 911-ის გადაცემათა კოლოფთან, რისთვისაც სპეციალური გადაბმულობის სისტემა დამზადდა. ძრავი კიდევ უფრო მოდიფიცირდა BMW M3-ის (S65 ძრავის) ინდივიდუალური დროსელებით, რომელთა დასამაგრებლადაც 3D პრინტერზე დაბეჭდილი ადაპტერები გამოიყენეს. თუმცა, 1978 წლის ორიგინალი Porsche 911 ხომ ჰაერით გაგრილებადი იყო და ბევრად პატარა ძრავი ჰქონდა. ამან საინჟინრო პრობლემების მთელი კასკადი გამოიწვია: წინა ნაწილში საწვავის ავზი სპეციალური სპორტული ავზით შეცვალეს, რათა ადგილი გაეთავისუფლებინათ რადიატორისთვის.


თუ ძრავს მიღმა გავიხედავთ, პროექტის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დეტალი ჯეიმს მორანის მიერ ხელით დამზადებული კოლექტორები და გამოსაბოლქვი სისტემაა. ინტერიერი სრულად დაცარიელებულია — აქ მხოლოდ სპორტული საჭე, სარბოლო სავარძლები და უსაფრთხოების კარკასი დაგხვდებათ. სიმძლავრის ასფალტზე ეფექტურად გადასატანად, მანქანას წინა ღერძზე 17x9.5-დუიმიანი, ხოლო უკან 17x10.5-დუიმიანი დისკები უყენია, რომლებიც Accelera 651 Sport საბურავებითაა შემოსილი.