ჩინელებმა BMW-ზე უფრო შავი ფერი შექმნეს | ახალი საღებავი სინათლის 99.9%-ს შთანთქავს და წყალსაც უძლებს
BMW-ის მიერ გამოყენებული Vantablack-ი სინათლის 99.965%-ს შთანთქავდა, თუმცა ავტომობილებისთვის ზედმეტად მყიფე აღმოჩნდა. ჩინელებმა კი ფორმულა შეცვალეს და შედეგად მივიღეთ ეს...
იმ დროისთვის, ყველაზე შავი, Vantablack-ის ფერით შეღებილი X6 გერმანულმა ავტომწარმოებელმა, BMW-მ, ჯერ კიდევ 2019 წელს გამოაჩინა. შედეგი იმდენად უჩვეულო იყო, რომ შავ X6-ს ბევრი არა უშუალოდ სატრანსპორტო საშუალებასთან, არამედ შავ ხვრელთან აიგივებდა.

BMW-ის მოდელისთვის ეს ფერი ბრიტანულმა კომპანია Surrey NanoSystems-მა შექმნა. ის სინათლის 99.965%-ს შთანთქავს, რაც საკმარისია იმისათვის, რომ სამგანზომილებიანი ობიექტი ადამიანის თვალისთვის ორგანზომილებიან სილუეტად აქციოს.
მაშინ ბევრი იმედოვნებდა, რომ გერმანული ავტომწარმოებელი ამ საღებავს წარმოებაში ჩაუშვებდა, თუმცა წლები გავიდა და ეს დღე არ დამდგარა. საქმე იმაში გახლდათ, რომ ბრიტანული კომპანიის მიერ შემუშავებული საღებავი ავტომობილებისთვის ზედმეტად მყიფე აღმოჩნდა. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ვინ, თუ არა ჩინელებმა, ამ ფორმულის შეცვლაც მოინდომეს და Vantablack-ის თითქმის იდენტური საღებავიც შეიმუშავეს. მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით — დიდი შანსია, რომ ამ საღებავის გამოყენება მასობრივ წარმოებაშიც გახდეს შესაძლებელი.

როგორ მუშაობს ჩინელების ფორმულა?
შედარებისთვის გეტყვით, რომ Vantablack-ის საღებავი მილიარდობით ვერტიკალურად განლაგებული კარბონის ნანომილაკისგან შედგებოდა. ჩინურმა ლაბორატორიამ კი ეს შეცვალა:
- პირველი: მნიშვნელოვანი ცვლილება კომპონენტებს ეხება: მათ ნანომასშტაბის ტექნიკური კარბონი და კარბონისვე ნანომილაკები გამოიყენეს.
- სტრუქტურა: მკვლევრების განცხადებით, კარბონის ნაწილაკები ნანომილაკების გასწვრივ ლაგდება და არათანაბარ ზედაპირს ქმნის, რომელიც მიკროსკოპული „უსწორმასწორობებითაა“ სავსე.
- შედეგი: როდესაც სინათლე ამ ზედაპირს ეცემა, არეკვლის ნაცვლად, ამ მიკროსკოპულ უსწორმასწორობებში იწყებს ქაოტურად მოძრაობას და იკარგება.

დეიონიზებულ წყალთან, დისპერგატორთან და აქაფების საწინააღმდეგო ნივთიერებასთან შერევით კი, საბოლოოდ, ჩინელმა მეცნიერებმა მიიღეს საფარი, რომელიც სინათლის 99.90%-ზე მეტს შთანთქავს. წყალსაც უძლებს და, თან, მისი მასობრივ წარმოებაშიც ჩაშვება პოტენციურად შესაძლებელია.
ტესტირებებით უკვე დადასტურდა, რომ აღნიშნული ფორმულის საღებავი ავტომობილებზე გამოყენების შემთხვევაში საკმარის გამძლეობას ავლენს. საფარი 40 გრადუს ტემპერატურაზე 95%-იან ტენიანობას უძლებს. საღებავით დაფარული პანელები კი, წყალში 10 დღის განმავლობაში ჩაძირვის მიუხედავადაც, დაზიანების ვიზუალურ ნიშნებს არ ავლენენ.

თუმცა თქვენი სიხარული ჯერ, შესაძლოა, ნაადრევიც იყო, რადგან ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ახალი ულტრაშავი საღებავით დაფარული ავტომობილები სადილეროებში უახლოეს მომავალშივე გამოჩნდება. Matter & Light-ში გამოქვეყნებული კვლევითი ნაშრომის მიზანი საღებავის ადჰეზიის უნარის შემოწმება იყო. მასობრივ წარმოებამდე კი, უნდა შემოწმდეს, რამდენად კარგად უძლებს საღებავი ულტრაიისფერ (UV) სხივებს, ნაკაწრებს, კოროზიასა და გზაზე კენჭების მოხვედრას.