ჩინეთში ყველაზე მაღალი საავტომობილო ხიდი გახსნეს, რომლიდანაც ჩანჩქერი გადმოედინება
ავტომობილებისგან განსხვავებით, როდესაც საქმე ხიდების მშენებლობას ეხება, ჩინეთი ისეთ გიგანტებს ქმნის, რომელთა მსგავსსაც მსოფლიოში ვერსად შეხვდებით. რეალურად, პლანეტის 54 ყველაზე მაღალი ხიდიდან 50 სწორედ ჩინეთში მდებარეობს, ამ სიის სათავეში კი ხუაძიანგის კანიონის ხიდი დგას, რომელიც კანიონის ფსკერიდან 625 მეტრის სიმაღლეზეა დაკიდებული. მისთვის საინჟინრო ხელოვნების ნიმუშის წოდება რბილად ნათქვამი იქნებოდა.
ხიდმა მსოფლიო რეკორდი ჩამოართვა Duge Bridge-ს, რომელიც იმავე მდინარეზე, დაახლოებით 200 კილომეტრით ზემოთ მდებარეობს. ხიდზე გამავალი Liuzhi-Anlong-ის ავტომაგისტრალი გადის გუიჟოუს პროვინციაზე — ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ რეგიონზე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გარესამყაროსგან თავისი რთული რელიეფის გამო იყო მოწყვეტილი. ამ მონსტრის მშენებლობა 2022 წლის დასაწყისში დაიწყო და 2025 წლის სექტემბრისთვის დასრულდა. ხიდი ადგილობრივებს კანიონის გადაკვეთის დროს 70 წუთიდან სულ რაღაც 1 წუთამდე უმცირებს.
მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხელოვნური ჩანჩქერი
ხუაძიანგის კანიონის ხიდს აქვს ერთი საოცარი საიდუმლო, რომელიც აქამდე არცერთ სხვა ხიდზე არ გვინახავს. მშენებლობის პროცესში, როდესაც მუშები გვირაბს ბურღავდნენ, მათ მიწისქვეშა კარსტული წყლების მძლავრ ნაკადს მიაგნეს. იმის შიშით, რომ წყალი დროთა განმავლობაში კონსტრუქცის დააზიანებდა, საინჟინრო გუნდმა მისი გარეთ გამოდევნის ნაცვლად, საინტერესო გამოსავალს მიაგნო: მათ ააშენეს 4000 კუბური მეტრის ტევადობის რეზერვუარი, რომელმაც უდიდესი ფუნქცია შეიძინა.
ეს წყალი ამარაგებს საგზაო მოსასვენებელ ზონას და რწყავს კანიონის მეორე მხარეს არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა თუ ბაღებს. თუმცა, ყველაზე სანახაობრივი ნაწილი მაინც წინ არის: დარჩენილი წყალი იტუმბება უშუალოდ ხიდის შუაგულში, საიდანაც ის თავისუფლად ეშვება ქვემოთ და ქმნის დაახლოებით 300 მეტრის სიგანის ნისლოვან ჩანჩქერს, რომელიც მდინარისკენ 606 მეტრის სიმაღლიდან ვარდება. დაღამებისას ჩანჩქერს სპეციალური ლაზერები აფერადებს, რაც ტურისტების უდიდეს ნაკადს იზიდავს. ჩინური სახელმწიფო მედია მას უკვე უწოდებს მსოფლიოში ყველაზე მაღალ ხელოვნურ ჩანჩქერს.
გამოცემა Okdiario-ს ინფორმაციით, მხოლოდ ჩინური ახალი წლის განმავლობაში, თებერვალში, ხიდს დაახლოებით 300 000 ადამიანი ესტუმრა და მასზე 70 000-ზე მეტმა ავტომობილმა გაიარა.
მათ, ვისაც უბრალოდ მანქანით გავლა არ აკმაყოფილებს, ხიდი ნამდვილ სამოთხეს სთავაზობს — შუშის ლიფტი რომელსაც დამთვალიერებლები პირდაპირ ერთ-ერთი საყრდენი კოშკის მწვერვალზე, ხეობიდან 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარე კაფეში აჰყავს. ასევე, კონსტრუქციაში ჩაშენებულია სპეციალური პლატფორმები ბანჯი-ჯამფინგისა და პარაპლანით ფრენისთვის.
ისტორიულად, 1929 წლიდან 2001 წლამდე, მსოფლიოს ყველაზე მაღალი ხიდის ტიტულს ამერიკული Royal Gorge Bridge (კოლორადო) ინარჩუნებდა. თუმცა, 2001 წელს ლიდერობა ჩინურმა Liuguanghe Bridge-მა ჩამოართვა და მას შემდეგ ჩინეთი მყარად ფლობს ამ ტიტულს.