ელექტრომობილები, ბიემვი, ბეემვე, ბიემვი იქს5, ნოიე კლასე, ბეემვე იქს 5, ბიემვი აიიქს5
Aa
Aa

BMW-მ ახალი X5 წარადგინა | უფრო მძლავრი, მრავალფეროვანი და მდიდრული

ბეემვემ თავისი საკულტო SUV-ის, X5-ის მეხუთე თაობა წარადგინა, რომელიც 1999 წლის პირველი მოდელის დებიუტის შემდეგ ყველაზე დიდი ტექნოლოგიური და ვიზუალური ნახტომია. ახალი მოდელი შთაგონებულია ბრენდის უახლესი დიზაინის ენით — Neue Klasse-თი და ბაზარზე უპრეცედენტო მრავალფეროვნებით გამოდის, რაც შიდაწვის ძრავებს, დამუხტვად ჰიბრიდებს, სრულად ელექტრო ვერსიებს, მძლავრ V8-ებსა და მომავალში წყალბადის ტექნოლოგიასაც კი მოიცავს.

ასევე იხილეთ: BMW-ს ბურუსით მოცული წარსული და აქამდე უცნობი ფაქტები

ვიზუალურად ახალი X5 რადიკალურად განსხვავებულია. მან მიიღო სუფთა ზედაპირები და წინა ნაწილი, რომელიც გასულ წელს გამოსულ iX3-ს გვაგონებს. თუმცა, დიზაინერებმა მას ინდივიდუალური შტრიხებიც შეუნარჩუნეს, როგორიცაა ახალი ორმაგი X-ის ფორმის ოპტიკა, რომელიც აერთიანებს მაშუქებს, მოხვევის ციმციმებსა და დღის განათებას. გვერდიდან შესამჩნევია ინტეგრირებული კარის სახელურები და მასიური თაღები, რომლებშიც სტანდარტულად 21-დუიმიანი, სურვილის შემთხვევაში კი 23-დუიმიანი ქარხნული დისკები თავსდება. უკანა ნაწილში კი თხელი, განიერი მაშუქები X თემატიკას აგრძელებს. ფაქტია, დიზაინი სერიოზულ თავსატეხს გაუჩენს მის მთავარ კონკურენტს, ახლახან განახლებულ Mercedes-Benz GLE-ს.

ინტერიერში აქცენტი პრემიუმ მასალებსა და ციფრულ ერაზე კეთდება. სალონს გარს უვლის ამბიციური განათების ზოლი, ხოლო სახურავზე 2.6 კვადრატული მეტრის ფართობის პანორამული შუშაა გადაჭიმული. მძღოლის წინაშეა 17.9-დუიმიანი ცენტრალური ტაბლეტი და საქარე მინის ძირში განთავსებული ციფრული პანელი (BMW Panoramic iDrive), რასაც 3D პროექცია და მგზავრისთვის განკუთვნილი 14.6-დუიმიანი დამატებითი ეკრანიც ახლავს.

ძალური აგრეგატის ვარიანტები

მიუხედავად Neue Klasse-ის სტილისა, ტექნიკურად ახალი X5 კვლავ განახლებულ CLAR პლატფორმაზეა აგებული. ბენზინის ხაზს ხსნის X5 40 (უკანა ან სრული ამძრავით), სადაც 3.0-ლიტრიანი, ტურბინიანი ექვსცილინდრიანი ძრავი და 48-ვოლტიანი მაილდ-ჰიბრიდული სისტემა 394 ცხენის ძალასა და 580 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. ეს მაჩვენებელი 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 5.1 წამში უზრუნველყოფს. დამუხტვადი ჰიბრიდული X5 50e xDrive კი ანალოგიურ შიგაწვის ძრავსა და ელექტროძრავს აერთიანებს, რაც ჯამურ 483 ცხენის ძალას იძლევა. გაზრდილი, 26.5 კვტ.სთ ტევადობის ელემენტის წყალობით, მხოლოდ ელექტროენერგიით მისი სვლის მარაგი 63 კილომეტრიდან 71 კილომეტრამდე გაიზარდა.


მთავარი სიახლე მაინც ისტორიაში პირველი, სრულად ელექტრო iX5-ია. ვერსია iX5 60 AWD ორ ელექტროძრავს იყენებს, რომლებიც ჯამში 570 ცხენის ძალასა და 804 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებენ, რაც ასამდე ასაჩქარებლად 4.4 წამს მოითხოვს. თუმცა, ყველაზე შთამბეჭდავი მისი სვლის მარაგია: გიგანტური 144 კვტ.სთ მოცულობის ელემენტის წყალობით, მანქანას ერთი დამუხტვით 700 კილომეტრის გავლა შეუძლია. 800-ვოლტიანი არქიტექტურა 460 კილოვატამდე სიმძლავრის სწრაფ დამუხტვას უჭერს მხარს, რაც ელემენტის 10-დან 80 პროცენტამდე შევსებას სულ რაღაც 22 წუთში ახერხებს. გარდა ამისა, მას გააჩნია ორმხრივი დამუხტვის ფუნქციაც, რაც იმას ნიშნავს, რომ iX5-ს შეუძლია, ენერგიით მომარაგოს თქვენი სახლი ან სხვა ელექტრომობილი.

ფასები წინა მოდელთან შედარებით 1500 დოლარით გაიზარდა. საბაზისო უკანაამძრავიანი X5 40-ის ფასი 71 250 დოლარიდან იწყება, სრული ამძრავის შემთხვევაში 73 550-ს აღწევს, დამუხტვადი ჰიბრიდული 50e 78 950 დოლარი ეღირება, ხოლო ტოპ-ვერსია, ელექტრონული iX5 60, 81 250 დოლარიდან იქნება ხელმისაწვდომი. შიგაწვისძრავიანი ვერსიების გაყიდვები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება, ხოლო ელექტრონული iX5 და ჰიბრიდული ვერსიები ბაზარზე 2027 წლის დასაწყისში გამოჩნდება. მოგვიანებით ხაზს V8 ძრავიანი სპორტული ვერსია და წყალბადზე მომუშავე iX5 Hydrogen-იც შეემატება, რომლის სვლის მარაგიც 750 კილომეტრს მიაღწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები