ავარია, ავტოსაგზაო შემთხვევა, ელექტრომობილები, ტესლა, ტესლა სემი, სატვირთო მანქანები
Aa
Aa

აშშ-ში Tesla Semi გაჩერებულ მანქანას დაეჯახა და ორი ადამიანი იმსხვერპლა

კვირას, ნევადაში, Tesla Semi-ს მარკის სატვირთო ავტომობილი ორ მსუბუქ მანქანას უკნიდან შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთმა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო. ეს ამ სრულიად ელექტრო სატვირთოს მონაწილეობით მომხდარი პირველი ჩვენთვის ცნობილი ფატალური ავარიაა. შემთხვევის ადგილზე შერიფის ოფისის მიერ მოპოვებული პირველადი ინფორმაცია მიუთითებს, რომ მძღოლს შესაძლოა ჩაეძინა, თუმცა ოფიციალური მიზეზი ჯერ კიდევ დასადგენია.

ინციდენტი კვირა დილით, ნევადის შტატის ქალაქ დეიტონში, ფედერალურ მაგისტრალზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ავტომობილი, რომელთაგანაც ერთი კლასიკური VW Beetle იყო, წითელ შუქნიშანზე იდგა, როდესაც Tesla მათ უკნიდან დიდი სიჩქარით შეეჯახა. შეჯახების ძალამ და სატვირთო მანქანის უზარმაზარმა მასამ ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლე იმსხვერპლა – ისინი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპნენ. მესამე დაშავებული ვერტმფრენით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის კვლავ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

ასევე იხილეთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?

მაგისტრალის ორივე მიმართულება რამდენიმე საათით დაიკეტა, სანამ მაშველები გზას ნამსხვრევებისგან წმენდდნენ. შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს გზის პირას მდგარი ძლიერ დაზიანებული Beetle, თეთრი სატვირთოს გვერდით, რომელსაც წინა ბამპერი აქვს გატეხილი. მეორე ავტომობილს, წითელ Toyota RAV4-ს, უკანა ნაწილი მთლიანად დაჭყლეტილი აქვს. ავტოსაგზაო შემთხვევას ამჟამად ნევადის შტატის პოლიცია იძიებს. შერიფის ოფისის თანამშრომლების მიერ ადგილზე მოპოვებული წინასწარი ჩვენებები მოწმობს, რომ სატვირთოს მძღოლს შესაძლოა ჩაეძინა, თუმცა გამომძიებლებს ეს ვერსია ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ.

აღსანიშნავია, რომ Tesla Semi არ არის აღჭურვილი კომპანიის სრული თვითმართვადობის სისტემით, თუმცა მას გააჩნია უსაფრთხოების სხვადასხვა ფუნქცია, მათ შორის ავტონომიური დამუხრუჭების სისტემა, რომელიც სწორედ მსგავსი სიტუაციების თავიდან ასაცილებლადაა შექმნილი. Tesla Semi ნევადის ფაბრიკაში იწყობა, რომელიც ავარიის ადგილიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე მდებარეობს. სატვირთო ავტომობილის მძღოლისა და მისი მფლობელი კომპანიის ვინაობა ამ დროისთვის არ საჯაროვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები