ვატიკანმა ეპისკოპოსების გადაადგილებისთვის 20 ერთეული Fiat Topolino შეიძინა
როგორც ჩანს, რომის პაპმა გადაწყვიტა, სახარებისეული სიბრძნით ეხელმძღვანელა იმის შესახებ, რომ „აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა უფლის სასუფეველში“ — ბიუჯეტური ავტომობილების ყველაზე იტალიურმა მწარმოებელმა, Fiat-მა, ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს გუბერნატორატთან შეთანხმებას მოაწერა ხელი. ხელშეკრულების თანახმად, ფიატი ვატიკანს 30 ავტომობილს მიაწვდის, მათ შორის აგრესიულად საყვარელ, სრულად ელექტრო Topolino-სა და ასევე ელექტრონულ, სამბორბლიან სატვირთო პიკაპ TRIS-ს.

Topolino პრაქტიკულად Citroen Ami-ს კვადრიციკლის ფიატისებრი ინტერპრეტაციაა (ორივე ბრენდი Stellantis-ის კონგლომერატის ქოლგის ქვეშ ერთიანდება), თუმცა ოდნავ მეტი შარმით. რაც შეეხება TRIS-ს, ის ლეგენდარული სამბორბლიანი Piaggio Ape-ს თანამედროვე ვერსიაა, რომელიც ასე უყვართ მცირე მანძილზე ტვირთების გადამზიდველებს და რომელიც ხშირად გვხვდება მძაფრსიუჟეტიანი ფილმების დასამახსოვრებელ დევნის სცენებში.

ეს ყველაფერი ვატიკანის მდგრადი მობილობის განვითარების პროგრამის ნაწილია, რომელსაც „ეკოლოგიური კონვერსია 2030“ ჰქვია და რომელიც მიზნად ისახავს ავტოპარკის CO2-ის კვალის შემცირებას და მცირე მანძილზე ტვირთების მიწოდების ეკოლოგიურ მოგვარებას. რეალურად, ეს არც ისე რთული მისაღწევი უნდა იყოს, როდესაც შენი ქალაქ-სახელმწიფოს ყველა წერტილი ერთმანეთისგან მაქსიმუმ ერთი 2 კილომეტრითაა დაშორებული, თავად ქვეყანა რომის გულშია მოქცეული, მოსახლეობა 1000 კაცზე ნაკლებია და ოფიციალურად მსოფლიოში ყველაზე პატარა ქვეყანას წარმოადგენს. საინტერესოა, რომ ვატიკანის მთლიანი ფართობი სულ რაღაც 44 ჰექტარია, რაც საშუალო ზომის ფერმაზე დიდიც კი არ არის – ასე რომ, თუ სადმე არსებობს ტერმინი „ურბანული მობილობა“, მასზე უფრო ურბანულ გარემოს ვერსად იპოვით.

Topolino (რაც იტალიურად პატარა თაგვს ნიშნავს), სავარაუდოდ, ეპისკოპოსებისა და მღვდლების გადაადგილებისთვის იქნება განკუთვნილი. ეს დახურული კვადრიციკლია, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ-ია, ხოლო 5.4 კვტ.სთ მოცულობის ელემენტით 74 კილომეტრის გავლა შეუძლია. სახლის ჩვეულებრივი როზეტიდან მისი სრულად დამუხტვა ოთხ საათშია შესაძლებელი. ავტომობილს სულ რაღაც 8 ცხენის ძალა აქვს და 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას საერთოდ ვერასდროს ახერხებს, ხოლო 45 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას მთელ 10 წამს ანდომებს. ეს იდეალური ტრანსპორტია, თუკი უბრალოდ იქვე ახლოს გსურთ გადასვლა და თანაც სულაც არ გეჩქარებათ, ან თუ სიქსტის კაპელას გარშემო გსურთ მცირე რალის მოწყობა.

ვატიკანი პირველ ეტაპზე 20 ერთეულ Topolino-ს მიიღებს, რომლის ფასიც დიდ ბრიტანეთში 8995 ფუნტ სტერლინგს შეადგენს, თუმცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რომის პაპმა გარკვეული ფასდაკლებით ისარგებლა.