Volkswagen-მა ქარხანაში გაზონის საკრეჭების ნაცვლად, ცხვრის ფარა დაასაქმა
სანამ Hyundai-ს დაქვემდებარებაში მყოფი კომპანია Boston Dynamics-ი მსოფლიო ჩემპიონატს რობოტი-ძაღლებით უსაფრთხოების დაცვაში ეხმარება, Volkswagen-ი სრულიად საპირისპირო მიმართულებას ირჩევს. ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი რობოტი-გაზონის საკრეჭების ნაცვლად, გერმანულმა გიგანტმა თავისი ერთ-ერთი ქარხნის ტერიტორიაზე ბალახის მოსავლელად სამსახურში 100 ცხვარი აიყვანა.

ეს უჩვეულო სამუშაო ძალა Volkswagen-ის პოლონეთში, ქალაქ პოზნანში მდებარე საწარმოო ქარხნის მწვანე საფარის მოვლაზეა პასუხისმგებელი. სწორედ აქ, 31 000-ზე მეტი მზის პანელის ქვეშ, 18.3 მეგავატიანი ფოტოელექტრული სადგურია განთავსებული. მზიან დღეებში ამ მზის ფერმას ქარხნის ელექტროენერგიის სრული მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლია, ხოლო წლიურ ჭრილში ის საწარმოს ენერგომოხმარების დაახლოებით მეოთხედს ფარავს. პანელების რიგებს შორის მექანიკური გაზონის საკრეჭების გაგზავნის ნაცვლად, ფოლკსვაგენმა ცხვრების ფარა მიიყვანა, რომელიც შემოდგომამდე, სეზონის დასრულებამდე, ბალახს ბუნებრივი გზით შეამცირებს. ეს მიდგომა გამორიცხავს მძიმე ტექნიკის გამოყენებას, თავად ცხოველებს კი პანელების ქვეშ საკმარისი ჩრდილი და გადასაადგილებელი სივრცე აქვთ. ფარის მფლობელის თქმით, ცხვრები ახალ გარემოს საოცრად სწრაფად შეეგუვნენ — ისინი პატარა ჯგუფებად იყოფიან და განახლებადი ენერგიის დანადგარებს შორის სრულიად მშვიდად ძოვენ, რაც იმის ნიშანია, რომ თავს საკუთარ სახლში გრძნობენ.

ამ ინიციატივას სერიოზული სამეცნიერო დატვირთვაც აქვს. პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მკვლევარებთან თანამშრომლობით, პროექტის ფარგლებში სწავლობენ, თუ როგორ მოქმედებს ცხვრების ძოვა ბიომრავალფეროვნებაზე, ნიადაგის ხარისხზე, მცენარეულ საფარზე, ცხოველთა კეთილდღეობასა და ადგილობრივ მიკროკლიმატზეც კი. მეცნიერები ასევე აკვირდებიან, ეხმარება თუ არა მზის პანელების მიერ შექმნილი ჩრდილი ცხოველებს სიცხით გამოწვეული სტრესის შემცირებაში. თუკი შინაური ცხოველების ძოვა შეამცირებს ტერიტორიის მოვლის ხარჯებს და ამავდროულად გააუმჯობესებს ბიომრავალფეროვნებას, ეს ყველასთვის მომგებიანი გადაწყვეტილებაა.