ავტობანი, მშენებლობა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მაგისტრალი, ტენდერი, გზები
Aa
Aa

აზერბაიჯანთან და სომხეთთან დამაკავშირებელი ₾750-მილიონიანი გზის მშენებლობის ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი, რომლითაც საქართველო-სომხეთის და საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი მაგისტრალი უნდა შეიცვალოს ოთხზოლიანი და გაზრდილი გამტარიანობის ახალი გზით. პროექტის საერთო ღირებულებაა 250 მილიონი ევრო (754 მლნ ლარი) და ის ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) კრედიტით ფინანსდება.

გზის ამ მონაკვეთზე თავდაპირველად ტენდერი 2024 წლის აგვისტოში გამოცხადდა და მის ფარგლებში გამარჯვებულის გამოვლენა და მშენებლობის დაწყება ჯერ კიდევ 2025 წელს იგეგმებოდა, თუმცა 2026 წლის მარტში ტენდერი ოფიციალურად შეწყდა, რის მიზეზადაც დაბალი კონკურენცია დასახელდა.

მიმდინარე წლის მარტში კი გამოცხადდა 19 მილიონი ევროს ღირებულების ტენდერი გზის სამშენებლო ზედამხედველობის მომსახურებასთან დაკავშირებით. პარალელურად კი საქართველოს მთავრობამ განაგრძო გზის გაყვანისთვის საჭირო მიწების გამოსყიდვის პროცესი, რისთვისაც წელს დამატებით რამდენიმე ექსპროპრიაციაც გამოცხადდა.

ახალი მაგისტრალები ქალაქ რუსთავში დაიწყება და ის წითელი ხიდისა და სადახლოს მიმართულებით აშენდება. პროექტთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერებით მთლიანობაში 61.3 კილომეტრის სიგრძის 4-ზოლიანი გზის მშენებლობაა გათვალისწინებული.

არსებული მდგომარეობით, საქართველოს და სომხეთ-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი მაგისტრალები ორზოლიანია და ის მეტწილად დასახლებულ პუნქტებში გადის. ახალმა მაგისტრალმა კი გამტარიანობა უნდა გაზარდოს და მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს გვერდი უნდა აუქციოს.

ახალი ტენდერის ფარგლებში კომპანიებმა საკუთარი წინადადებები სახელმწიფოს 2026 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარუდგინონ.

წყარო: BM.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები