პროტოტიპები, პეჟო, შინაური ცხოველები
Aa
Aa

Peugeot-ის ახალი პროტოტიპი დაკარგულ ძაღლს ეძახის და მანქანის კარს უღებს

შინაური ცხოველები მხოლოდ შინაური ცხოველები აღარ არიან — ისინი ოჯახის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ. საავტომობილო ინდუსტრია ამ ტრენდს ფეხს აქტიურად უწყობს. მას შემდეგ, რაც Stellantis-მა სპეციალურად ცხოველებისთვის განკუთვნილი აქსესუარების ხაზი Mopaw წარადგინა, ფრანგულმა ბრენდმა Peugeot-მ კიდევ უფრო შორს წასვლა გადაწყვიტა. კომპანიამ შექმნა უნიკალური პროტოტიპი Peugeot E-5008 Dog Edition, რომელიც სრულიად „ძაღლის თვალით“ დაპროექტდა.

დიზაინერებმა შეისწავლეს, თუ როგორ ხედავენ, გრძნობენ და აღიქვამენ ოთხფეხა მეგობრები მგზავრობის პროცესს. ეს არ არის უბრალო მარკეტინგული ტრიუკი — ავტომობილის ყოველი დეტალი ძაღლების სენსორულ აღქმაზეა მორგებული.

სალონი, სადაც ოთხფეხა მეგობარი მეფეა

ვინაიდან ძაღლები ფერების მხოლოდ გარკვეულ სპექტრს არჩევენ, ინტერიერში გამოყენებულია სპეციალური ფერების კომბინაცია: დამამშვიდებელი ლურჯი ტონები უფრო მკვეთრ, ყვითელ აქცენტებთანაა შერწყმული. გარდა ამისა, სალონში ყველგან რბილი, მოცურების საწინააღმდეგო მასალებია გამოყენებული, რათა ცხოველის თათებმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ.

კონცეპტის ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული დეტალი მრავალფუნქციური მოდულური მატრასია. მგზავრობისას ის შეიძლება განთავსდეს უკანა სავარძლებზე ან საბარგულში – როგორც დამცავი საფარი ბეწვის შესაგროვებლად, ხოლო დანიშნულების ადგილზე მიღწევისას, ის მარტივად ტრანსფორმირდება ძაღლის კომფორტულ საწოლად.

მათთვის კი, ვისაც ფანჯრიდან თავის გადაყოფა და ხედების თვალიერება უყვარს, Peugeot-მა სპეციალური რბილი ყვითელი ბალიში შექმნა, რომელიც პირდაპირ მინაზე მაგრდება და ცხოველს საშუალებას აძლევს, მგზავრობით კომფორტულად დატკბეს.

უსაფრთხოება და „ჭკვიანი“ ტექნოლოგიები

ავტომობილი აღჭურვილია უამრავი საჭირო აქსესუარით, მათ შორის: ჩაშენებული ჯამებით წყლისა და საკვებისთვის და ბრენდირებული სათამაშოთიც კი. საბარგულის იატაკის ქვეშ კი დამალულია სპეციალური ფენი , რომელიც ავტომობილის ელემენტიდან იკვებება და სველი ბეწვის გასაშრობადაა განკუთვნილი.

ინოვაციები ამით არ სრულდება – საავტომობილო სისტემამ რამდენიმე უნიკალური ფუნქცია მიიღო:

  • Dog Guardian Mode: რეჟიმი, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევს, მანქანა მაღაზიასთან მცირე ხნით დატოვოს. სისტემა სალონში ავტომატურად ინარჩუნებს იდეალურ ტემპერატურას და სმარტფონის საშუალებით დისტანციური მეთვალყურეობის რეჟიმს ააქტიურებს.
  • Dog Retriever: თუ სეირნობისას ძაღლი დაიკარგება, ავტომობილს შეუძლია გამოსცეს სპეციალური სიხშირის ხმა მის მოსახმობად, დაბრუნებისას კი ვიზუალურად იცნოს ის და სალონში შესასვლელად კარები გაუღოს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული მოდელი სერიულ წარმოებაში არ ჩაეშვება, სტატისტიკა აჩვენებს, რომ დიდი SUV-ების მფლობელთა 50%-ზე მეტს სახლში ძაღლი ჰყავს, ხოლო 64% შვებულების გატარებას ოთხფეხა მეგობართან ერთად გეგმავს. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რომ ამ იდეების ნაწილი Peugeot-ს მომავალ სერიულ მოდელებში მაინც ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები