პოლიცია, რობოტაქსი, ვეიმო, ვეიმო რობოტაქსი
Aa
Aa

Waymo-ს რობოტაქსიმ 2 კანონდამრღვევი ახალგაზრდა სალონში ჩაკეტა და პოლიცია გამოიძახა

ორმა მოზარდმა საკუთარ თავზე გამოცადა, რომ რობოტაქსი დანაშაულის ჩადენისას ყველაზე ცუდი თანამზრახველია. კალიფორნიაში, ქალაქ სან-მატეოში, პოლიციამ ორი 15 წლის მოზარდი დააკავა მას შემდეგ, რაც Waymo-ს თვითმართვადი ავტომობილის უკანა სავარძლიდან გზატკეცილზე Orbeez-ის წყლის თოფებიდან ისროდნენ, პარალელურად კი ალკოჰოლს მიირთმევდნენ. მოზარდებმა არ გაითვალისწინეს, რომ თავად ავტომობილმა ოპერატიულად გამოიძახა პოლიცია, უახლოეს პარკინგზე შევიდა და სამართალდამცველების მოსვლამდე კარი არ გააღო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ორშაბათს ნაშუადღევს მოხდა. მოზარდები რობოტაქსით ქალაქის ქუჩებში სეირნობდნენ, ფანჯრებიდან გადახრილებს ხელში რეალისტური იერსახის მქონე სათამაშო იარაღები ეჭირათ და გამვლელებისა თუ გზის მიმართულებით პატარა ბურთულებს ისროდნენ. ჯერჯერობით ზუსტად უცნობია, როგორ შეიტყო Waymo-ს მართვის ცენტრმა ხულიგნობის შესახებ — თავად ავტომობილის ხელოვნურმა ინტელექტმა დააფიქსირა შიდა კამერებით არატიპური აქტივობა, თუ თვითმხილველებმა დარეკეს ცხელ ხაზზე. ნებისმიერ შემთხვევაში, კომპანიამ დისტანციურად აიძულა მანქანა უსაფრთხო პარკინგზე გაჩერებულიყო, რათა პოლიციას ეჭვმიტანილები მარტივად დაეკავებინა.

კომპანიის უსაფრთხოების წესების მიხედვით, Waymo-ს ყველა ავტომობილი აღჭურვილია შიდა კამერებითა და მიკროფონებით, რომლებიც საგანგებო სიტუაციების დროს უსაფრთხოების მონიტორინგისთვის გამოიყენება (თუმცა ბრენდი აცხადებს, რომ სახის ამომცნობ ბიომეტრიულ სისტემებს არ იყენებს). სან-მატეოს პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ოფიცრები უპილოტო მანქანას იარაღმომარჯვებულები მიუახლოვდნენ, რადგან სათამაშო იარაღი გარედან ნამდვილისგან თითქმის არ ირჩეოდა.

„სათამაშო, წყლისა თუ პნევმატური იარაღები რეალურ საფრთხეს შეიცავს, განსაკუთრებით გამოუცდელი თვალისთვის. მათმა უბრალო ტარებამაც კი შეიძლება შიში და პანიკა გამოიწვიოს გამვლელებში. მოძრავი მანქანიდან ნებისმიერი საგნის სროლამ კი შესაძლოა რეალური ზიანი მიაყენოს სხვებს. აღარაფერს ვამბობთ არასრულწლოვნების მიერ ალკოჰოლის მიღებაზე. მოკლედ, ამ ორისთვის დღეს ყველა იდეა კატასტროფული აღმოჩნდა“, — დაწერა პოლიციამ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

პოლიციამ ხულიგნებს ერთი დამსახურება ნამდვილად არ დაუკარგა: „Waymo-ს გამოძახება ალბათ ყველაზე ჭკვიანური აზრი იყო მათ გეგმაში, რადგან ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან დაჯდომა სიტუაციას ბევრად გააუარესებდა“.

ხელისუფლებას ჯერ არ დაუკონკრეტებია, წარედგინებათ თუ არა მოზარდებს ოფიციალური ბრალდება, თუ საქმე უბრალოდ მკაცრი გაფრთხილებით დასრულდება.

მსგავსი სიახლეები