ავტოსაგზაო შემთხვევა, სტატისტიკა, ამერიკის შეერთებული შტატები, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია, ველოსიპედი
Aa
Aa

გზებზე ველოსიპედისტთა სიკვდილიანობა 40-წლიან მაქსიმუმს უახლოვდება | აშშ-ის სტატისტიკა

აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) მონაცემებით, პანდემიის შემდგომ ქვეყნის მასშტაბით ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობა იკლებს, თუმცა ველოსიპედისტთა ფატალური შემთხვევები კვლავ მზარდ პრობლემად რჩება.

წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში საავტომობილო გზებზე მდგომარეობა თითქოს გაუარესებისკენ მიდიოდა — პანდემიის პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა და საგანგაშოდ მაღალ ნიშნულზეც რჩებოდა. თუმცა ეს ტენდენციაც ბოლო პერიოდში შეიცვალა და ახლა უკვე NHTSA-ს ფედერალური მონაცემები აჩვენებს, რომ წლის დასაწყისი აშშ-ისთვის ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე უსაფრთხო აღმოჩნდა. თუმცა ეს პოზიტიური ცვლილება ველოსიპედით გადაადგილების მოყვარულებზე აშკარად არ ვრცელდება.

აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) უახლესი, წლის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის პირველ კვარტალში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაახლოებით 7 700 ადამიანი დაიღუპა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 4.3%-ით ნაკლებია. შედეგად, სიკვდილიანობის კოეფიციენტი ყოველ 100 მილზე 0.99-მდე შემცირდა — ყველაზე დაბალი მაჩვენებელი პირველი კვარტლისთვის 2014 წლის შემდეგ და მხოლოდ მცირედით ჩამოუვარდება ყველა დროის რეკორდს, 0.98-ს.

ბოლო წლების გათვალისწინებით, ეს მართლაც იმედისმომცემი ტენდენციაა. NHTSA-ს ინფორმაციით, თუ არსებული ტემპი შენარჩუნდება, 2026 წელი ზედიზედ მეხუთე წელი იქნება, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევებისას სიკვდილიანობა მცირდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის წლები აშშ-ის გრძელვადიანი პროგრესისგან მკვეთრად განსხვავდებოდა. დაცარიელებული გზები, გზებზე კონტროლის შემცირება, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის სტატისტიკის ზრდა და სიჩქარის გადაჭარბება — იმ მთავარ მიზეზებს შორის იყო, რამაც 2021 წელს გზებზე სიკვდილიანობის 10.8%-იანი ზრდა გამოიწვია. დაღუპულთა რიცხვმა 43 230-ს მიაღწია, რაც 2005 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელი იყო.

მოცემული პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, ერთი კატეგორია აშშ-ის საერთო სტატისტიკისთვის კვლავ შავ ლაქად რჩება. მონაცემებიდან ჩანს, რომ 2025 წელს ველოსიპედისტთა სიკვდილიანობა 4%-ითაა გაზრდილი და 1 148 პირს უტოლდება. ეს კი უკანასკნელ ოთხ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელს უახლოვდება. გამომდინარე იქიდან, რომ 2026 წლის ანგარიში ჯერ წინასწარია, უცნობია ეხება თუ არა ეს ზრდა საგზაო მოძრაობის სხვა მოწყვლად მონაწილეებსაც, როგორებიც ქვეითები, მოტოციკლისტები და სხვა პირები არიან.

NHTSA-სა და საგზაო უსაფრთხოების მკვლევართა დაკვირვებით, გზებზე მსგავსი მოწყვლადი კატეგორიის სიკვდილიანობის ზრდის გამომწვევ რამდენიმე ძირითავ ფაქტორად შეიძლება დავასახელოთ: ავტომობილების ზომისა და წონის მატება, მძღოლების დისტრაქციის (ყურადღების გაფანტვის) შემთხვევების ზრდა და ელექტროველოსიპედების ბუმი, განსაკუთრებით კი პანდემიის შემდეგ, რასაც ინფრასტრუქტურის განვითარება შესაბამისი სისწრაფით ვერ ეწევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები