იშვიათი Ferrari-ები და ერთი უბრალო Volkswagen Golf GTI | კარლოს საინს უმცროსის ავტოფარეხი
Formula 1-ის ესპანელი პილოტი კარლოს საინს უმცროსი მსოფლიოში ავტომობილების ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ კოლექციას ფლობს. Williams-ის მრბოლელის ავტოფარეხში დაგხვდებათ როგორც იშვიათი, მილიონობით დოლარის ღირებულების სუპერქარები, ასევე ერთი უბრალო Volkswagen Golf GTI-იც, რომელიც მისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
ასევე დაგაინტერესებთ: მილიარდერები VS ღარიბები - ფორმულა 1-ის პილოტების გზა
საინსი, რომელიც წლების განმავლობაში Ferrari-ს, McLaren-ისა და Formula 1-ის სხვა წამყვანი გუნდების ღირსებას იცავდა, არ გაგიკვირდებათ და სპორტქარების დიდი მოყვარულია. მიუხედავად იმისა, რომ კარიერის განმავლობაში არაერთი ექსკლუზიური მოდელის საჭესთან გვიხილავს, თავად ამბობს, რომ პირადი კოლექციისთვის ისეთი ავტომობილები შეარჩია, რომლებიც მართვისგან სიამოვნების მისაღებად ჰყავს — და არა შთაბეჭდილების მოსახდენად.

საინსის კოლექციის დიდი ნაწილი Ferrari-ს სუპერქარებს უკავიათ. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი, რომელიც მის ავტოფარეხში ოდესმე გვიხილავს, Ferrari Daytona SP3-ია, შეზღუდული გამოშვების V12-ძრავიანი ჰიპერქარი, რომელიც დღეს Ferrari-ს ერთ-ერთ სასურველ მოდელად ითვლება.

ავტოფარეხში განსაკუთრებული ადგილი უკავია Ferrari 812 Competizione-საც, რომელიც Williams-ის მოქმედმა პილოტმა თავის ძველ კლუბში, Ferrari-ში, გადასვლისას შეიძინა და დღემდე ესპანელი პილოტისთვის გამორჩეულად საყვარელ ავტომობილად რჩება. იტალიური სუპერქარებიდან კი საინსის ავტოფარეხიდან არც თავისი ელეგანტურობით ცნობილი Roma უნდა გამოგვრჩეს და არც ლეგენდარული F40 — ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული სუპერქარი, რომელიც ავტოინდუსტრიის ისტორიაში რომელიმე მწარმოებელს შეუქმნია.
თუმცა საინსის სუპერქარების კოლექცია აქ ნამდვილად არ სრულდება. McLaren-ში ყოფნის პერიოდში საინსი McLaren 600LT-ით გადაადგილდებოდა, ხოლო Audi-ს პროგრამებში მონაწილეობისას არაერთი მაღალი წარმადობის Audi-ის მოდელიც ჰყავდა.

ამ შთამბეჭდავი კოლექციის მიუხედავად, მაინც ყველაზე საინტერესო მოდელი, რომელიც საინსის ავტოფარეხში იმალება, ერთი ჩვეულებრივი Volkswagen-ია. კერძოდ კი, Volkswagen Golf GTI, რომელიც დღემდე საინსის საყვარელ ავტომობილად რჩება. ეს კი გასაკვირი ნამდვილად არაა, რადგან Golf-ი მას მშობლებმა 18 წლის იუბილეზე აჩუქეს. F1-ის პილოტის თქმით, მადრიდში ის ხშირად სწორედ Golf GTI-ით გადაადგილდება და გაცილებით დიდ ყურადღებასაც იპყრობს, ვიდრე თავისი იშვიათი Ferrari-ს საჭესთან ყოფნისას.

მაგრამ იტალიური ავტომობილების მიმართ მისი სიყვარული რომ უსაზღვროა, ამას საინსის უახლესი შენაძენებიც ადასტურებს. მათ შორისაა Ferrari Purosangue და საკმაოდ ექსკლუზიური სუპერქარი, Ferrari SF90 XX Spider-ი — ორივე მათგანი პერსონალიზებული დეტალებითაა გაფორმებული და მათ შორის მისი სარბოლო ნომერი, „55“, და ცნობილი მეტსახელი, Smooth Operator, ამშვენებს.