საქართველო, გზების მშენებლობა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის გზა
Aa
Aa

სამტრედია–გრიგოლეთის 12-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება


სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალზე მე-3, 12-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება და მოძრაობა ახალ გზაზე გადაერთვება. ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წერს. ცნობისთვის, აღნიშნული გზის ლანჩხუთი–ლესას 6-კმ-იანი ახალი გზა 2025 წლის ბოლოს გაიხსნა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ჯემალ ზაბახიძის განცხადებით, „სამტრედია–გრიგოლეთის მესამე ლოტის მეორე მონაკვეთი, რომელიც მოიცავს ექვს კილომეტრს ლესადან ხაჯალიამდე, უახლოეს პერიოდში გაიხსნება“. „სამუშაოები არის დასკვნით ეტაპზე. ამ დროისთვის საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიის, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა თუ სხვა უწყებების მიერ მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი სამუშაოების დასასრულებლად“, — განაცხადა ზაბახიძემ.

პროექტი, საერთო ჯამში, 12 კილომეტრის სიგრძის 4-ზოლიანი ასფალტბეტონის გზის, 6 სახიდე გადასასვლელის, ორი სატრანსპორტო კვანძის, საქონლისა და საველე გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებდა. ახალი გზა გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: გვიმბალაურს, ქვემო ჩიბათსა და ნიგოეთს გადის.

შეგახსენებთ, რომ სამტრედია–გრიგოლეთის გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად მიმდინარეობდა. აღნიშნული გზა საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის ნაწილია და, საერთო ჯამში, 52 კილომეტრს მოიცავს — იწყება ზესტაფონი–ქუთაისის შემოვლითი გზიდან და სრულდება გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან.

სამტრედია–გრიგოლეთის 42.5-კმ-იანი მონაკვეთი ექსპლუატაციაში მესამე მონაკვეთის სრულად გახსნის შემდეგ შევა, ხოლო დარჩენილ 9.5-კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობის გახსნა უკვე მომავალ წელს იგეგმება. სამტრედია–გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტისა და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში 324.6 მილიონი ლარით დაფინანსდა.

ცნობისთვის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ასევე დაიწყო მარტვილის მონასტრამდე მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტბეტონის საფარი, მოეწყობა რკინაბეტონის საყრდენი კედლები, სანიაღვრე სისტემა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. ასევე, მოეწყობა საგზაო ნიშნები და განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები