ჩინური Tesla? | Volkswagen-ის ჩინურმა ბრენდმა ახალი ელექტრომობილი წარადგინა
Volkswagen Group-ისა და FAW-ის ერთობლივი ბრენდი Jetta ჩინეთის ბაზარზე ოპერირებას განაგრძობს და თავისი პირველი, სრულად ელექტრო სედანის გამოშვებისთვისაც ემზადება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ VW ჩინეთში რამდენიმე ელექტრომობილს უკვე ყიდის, დიდი ალბათობით, ახალი პროდუქტი ბაზრის შედარებით ხელმისაწვდომი ნაწილისთვის იქნება განკუთვნილი. თან, წესით არ გაგვიკვირდება და როგორც სხვა ჩინური ავტომობილების შემთხვევაშიც ხშირად გვინახავს, ეს მოდელიც უკვე არსებული ავტომობილის დიზაინს გვაგონებს.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?
ამ მსგავსების გამო, ყველაზე დიდი ყურადღება მისმა წინა ნაწილმა მიიპყრო, რომელიც ვიზუალურად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ელექტრომობილს, Tesla Model 3-ს, ძალიან ჰგავს. ჩინურ ელექტრომობილს ვიწრო ფორმის აგრესიული მაშუქები აქვს, ხოლო მისი წინა ბამპერი ტრადიციული სტილის ცხაურისგანაც თავისუფალია, რითაც უფრო მეტად გვაგონებს Tesla-ს დიზაინს.
ექსტერიერის დარჩენილი ნაწილი შედარებით მარტივად გამოიყურება. დასამუხტი პორტი წინა მარჯვენა ფრთაზეა დამონტაჟებული, კარის სახელურები კი კლასიკურია და ამოსაწევი სტილისაა. ხოლო ავტომობილის კარის ზედაპირზე გამოკვეთილი ნაკეცები, თითქოს, მას შედარებით უფრო თანამედროვე იერსაც აძლევს. რაც შეეხება Jetta M6-ის უკანა ნაწილს, აქ LED-მაშუქებს, მათ შორის განათების ზოლსა და ბამპერის ქვედა შავ ნაწილს, შევამჩნევთ.

რაც შეეხება ახალი ელექტროსედანის ზომებს: Jetta M6-ის სიგრძე 4 806 მმ-ია, სიგანე — 1 895 მმ, სიმაღლე — 1 500 მმ და თვლების ბაზა — 2 820 მმ. სავარაუდოდ, ელექტრომობილის წონა 1 557 კგ-დან 1 628 კგ-მდე იქნება.
დამატებით, ავტომწარმოებელი Jetta M6-ის ტექნიკური მონაცემების შესახებაც გვაწვდის ინფომაციას. მაგალითად ვიცით ის, რომ ელექტრომობილი მხოლოდ ერთი ელექტროძრავით გამოვა. საბაზისო კონფიგურაციაში ის 152 ცხენის ძალას, ხოლო ფლაგმანურ მოდელში 194 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. უცნობია ბატარეის მოცულობაც. თუმცა ვიცით, რომ ელექტრომობილი ლითიუმ-იონურ აკუმულატორს გამოიყენებს. აკუმულატორის ელემენტებს ჩინური კომპანია CALB აწვდის, ხოლო ბატარეა FAW-Volkswagen-ის ერთობლივ საწარმოში იწარმოება.

როგორც Jetta-მ მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადა, 2028 წლამდე კომპანია ხუთი ახალი მოდელის წარმოდგენას გეგმავს. მათგან კი ოთხი ახალ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილი იქნება — სრულად ელექტრო (BEV) ან დამუხტვადი ჰიბრიდი (PHEV). უახლოეს მომავალში ასევე შესაძლებელია Jetta X Concept SUV-ის სერიული ვერსიის დებიუტიც ვიხილოთ.