ელექტრომობილი, ტესლა, ტესლა მოდელ უაი, ჰიუნდაი აიონიქ 5, კია ივ6, ფორდ მუსტანგ მაქ-ი
Aa
Aa

მანამ, სანამ Tesla Model Y-ს შეიძენთ | მისი სამი ალტერნატივა უნდა განიხილოთ

თუ თქვენ სამომავლოდ კომპაქტური ელექტრო SUV-ის შეძენას განიხილავთ, ალბათ, ალტერნატივებს შორის Tesla-ს Model Y-იც გეყოლებათ. თუმცა, ბაზარზე ამერიკულ EV-თან ერთად რამდენიმე მსგავსი მოდელის პოვნაც შეგიძლიათ, რომლებიც, როგორც ფასის, ისე კომფორტისა და ტექნოლოგიების სიმრავლის მხრივ, Tesla-ზე არანაკლებ საინტერესო შეთავაზებას წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?

მაგალითად, ანალიტიკური პლატფორმა Edmunds-ი Model Y-ით დაინტერესებულ პირებს ამერიკული ელექტრომობილის ალტერნატივად Hyundai Ioniq 5-ს სთავაზობს. ავტომობილის ფასი $36 600-დან $48 000-მდე მერყეობს და Edmunds-ი მას 8.3 ქულასაც ანიჭებს, რაც Tesla-ს მოდელზე ოდნავ მაღალი შეფასებაა.

ამ მოდელის მთავარი უპირატესობა Model Y-სთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომი საწყისი ფასია, რაც ამერიკულ ალტერნატივაზე თითქმის $5 000-ით ნაკლებ ღირებულებას გულისხმობს. გარდა ამისა, არ უნდა გამოგვრჩეს, რომ Ioniq 5-ს ფასთან შედარებით საკმაოდ კარგი შესაძლებლობებიც გამოარჩევს. მაგალითად, Hyundai-ს მოდელს Apple CarPlay-სა და Android Auto-ს მხარდაჭერა აქვს, რომლებიც Tesla Model Y-ში ხელმისაწვდომი არაა.

სწრაფი დამუხტვის მხრივ Hyundai-ს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს — ამ მოდელის მაქსიმალური სიმძლავრე 350 კილოვატია, მაშინ, როცა Tesla Model Y-ის მაქსიმალური დამუხტვის სიმძლავრე 250 კილოვატს შეადგენს. Ioniq-ის ახალი დასამუხტი პორტი, NACS-ი, კი უკვე Tesla-ს Supercharger-ის ქსელთანაც თავსებადია.

ცნობისთვის, Hyundai-ს ელექტრომობილის 1-ძრავიანი ვერსიები 168 და 225 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ, თუმცა 2-ძრავიანი სრულამძრავი ვერსიის შემთხვევაში გამომუშავება 320 ცხენის ძალამდე იზრდება. ერთი სრული დამუხტვით მოდელი, შესაბამისად, 390-დან 510 კილომეტრამდე მანძილის დაფარვას ახერხებს.

Edmunds-ის მეორე შემოთავაზება, რომელსაც პლატფორმა Model Y-ის ალტერნატივად ასახელებს, Kia EV6 გახლავთ. Edmunds-ის შეფასებით, ამ მოდელს 7.5 ქულა აქვს, ხოლო მისი ღირებულება $39 445-დან იწყება და $50 000-ს მცირედით აჭარბებს. ტექნიკური თვალსაზრისით, ის ძალიან ჰგავს Hyundai Ioniq 5-საც, რადგან ორივე მოდელი ერთსა და იმავე პლატფორმაზეა აგებული. შესაბამისად, ორივე მათგანს აქვს, როგორც უკანა, ასევე სრულამძრავი ვერსიები და 350-კილოვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა.

მიუხედავად იმისა, რომ Hyundai აჩქარებაში შედარებით სწრაფია (0-დან 100-მდე 4.4 წამში აღწევს), Kia-ს მოდელი ბევრად უფრო სპორტული დიზაინით გამოირჩევა. თუმცა, Hyundai-ს უპირატესობა შედარებით დიდი ზომის საბარგული და სალონის სივრცეა, რასაც, დიდი ალბათობით, ელექტრომობილის ბევრი მომხმარებელი აქცევს ყურადღებას.

Edmunds-ის მიერ შემოთავაზებული მესამე ალტერნატივა კი Ford Mustang Mach-E გახლავთ. ამ მოდელის ღირებულება $39 840-დან $59 735-მდე მერყეობს, ხოლო Edmunds-ის შეფასება 7.3 ქულაა. Mach-E არის მომხმარებლისთვის, რომელთაც სპორტული ხასიათის ელექტრომობილის შეძენა სურთ. ამ მოდელის საბაზისო ვერსიაც კი დინამიკურ მართვას გვთავაზობს, ხოლო GT-ის ვერსიას 0-დან 100-მდე აჩქარება მხოლოდ 3.6 წამში შეუძლია.

ინტერიერში უფრო მაღალი ხარისხის მასალებია გამოყენებული, ვიდრე Ford-ის სხვა მოდელებში, ხოლო 15.5-დუიმიანი ცენტრალური ეკრანი მარტივი და მოსახერხებელია. სისტემა თავსებადია, როგორც Apple CarPlay-თან, ასევე Android Auto-თან. რეალურ პირობებში ჩატარებული ტესტირებებით, Mach-E-ს სვლის მარაგი დაახლოებით 452 კილომეტრს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები