Chevy Caprice | პოლიციის მანქანა, რომელსაც ვერავინ გაურბოდა
1980-იანი წლების ბოლო და 90-იანების დასაწყისი ამერიკული პოლიციის ავტოპარკის ოქროს ხანად ითვლება. ისეთი ლეგენდები, როგორიცაა Ford Mustang SSP, Chevrolet Camaro B4C და მკაცრი Dodge Diplomat, იმდროინდელი საპატრულო მანქანების სახეს განსაზღვრავდნენ. თუმცა, სანამ ეს ხმამაღალი მოდელები გაზეთების პირველ გვერდებს იპყრობდნენ, Chevrolet თავის საიდუმლო ლაბორატორიებში სრულიად განსხვავებულ „იარაღს“ ქმნიდა. მათ მიზნად დაისახეს შეექმნათ სრულყოფილი, თუმცა შეუმჩნეველი მანქანა, რომელიც გზებზე ნებისმიერ სპორტულ ავტომობილს გაასწრებდა და ყველაზე ექსტრემალურ დატვირთვას გაუძლებდა.

მოთხოვნა სწრაფ და გამძლე მანქანებზე
90-იანი წლების დასაწყისში ამერიკაში საავტომობილო ინდუსტრია მკვეთრად შეიცვალა. ემისიების მკაცრი შეზღუდვების ეპოქა დასრულდა და ქარხნული სიმძლავრეები ისევ გაიზარდა. იაფიანი სპორტული მანქანები, მოდიფიცირებული იმპორტული ავტომობილები და ადგილობრივი მასლქარები ქუჩებში მასობრივად გამოჩნდნენ. საუბედუროდ, ამით არამხოლოდ კანონმორჩილი მძღოლები, არამედ კრიმინალებიც სარგებლობდნენ.
სტანდარტული საპატრულო მანქანები, რომლებიც ასობით კილოგრამიანი პოლიციის აღჭურვილობით იყო გადატვირთული, ამ ტემპს ვეღარ უძლებდნენ. როდესაც დევნა მაგისტრალზე გადადიოდა, პოლიცია ხშირად უძლური იყო.

სისწრაფესთან ერთად უმნიშვნელოვანესი იყო საიმედოობაც. პოლიციის მანქანის სამუშაო დღე წარმოუდგენლად მძიმეა: მას შეუძლია 8-12 საათი უბრალოდ იდგეს დაქოქილი ძრავით ექსტრემალურ სიცხეში ან ყინვაში, რათა იმუშაოს კლიმატკონტროლმა და რადიოკავშირმა. შემდეგ კი, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ოფიცერს უწევს აქსელერატორის ბოლომდე დაჭერა და ცივი ან საათობით ნამუშევარი ძრავის მაქსიმალურ ბრუნზე აყვანა. ჩვეულებრივი მანქანისთვის ეს სიკვდილის ტოლფასია.
მოსაწყენი ვიზუალი — საუკეთესო ტაქტიკური იარაღი
ამ პრობლემის გადასაჭრელად, ამერიკულ ავტომწარმოებელს ახალი პლატფორმის ნულიდან შექმნა არც უცდია. მათ აიღეს უკვე არსებული, დიდი, მძიმე, მრგვალი და განზრახ მოსაწყენი სედანი, რომელსაც წლების განმავლობაში ტაქსებისა და სახელმწიფო უწყებების „ფლოტებში“ იყენებდნენ.

ეს ვიზუალური სიმშვიდე სწორედ მთავარი კოზირი აღმოჩნდა. მკვეთრი ფერის სპორტული მანქანა მაგისტრალზე შორიდანვე ჩანს, რაც დამრღვევებს გაქცევის დაგეგმვის დროს აძლევს. ჩვეულებრივი საოჯახო სედანი კი იდეალურად ერწყმოდა ყოველდღიურ ტრაფიკს. სანამ ეჭვმიტანილი მიხვდებოდა, რომ მის უკან ჩვეულებრივი ავტომობილი კი არა, პოლიციის მანქანა მიდიოდა, ციმციმები უკვე ჩართული იყო და გაქცევის შანსი პრაქტიკულად აღარ არსებობდა.
Chevrolet Caprice 9C1: სახლის ფორმაში გამოწყობილი ურჩხული
1994 წელს ბაზარზე ოფიციალურად გამოვიდა მეოთხე თაობის Chevrolet Caprice 9C1. კოდი 9C1 არ იყო მარკეტინგული სახელწოდება — ეს გახლდათ General Motors-ის შიდა საწარმოო კოდი სპეციალური საპოლიციო პაკეტისთვის.

ყველაზე მთავარი საიდუმლო კაპოტის ქვეშ იმალებოდა. Chevrolet-მა მასში ლეგენდარული 5.7-ლიტრიანი LT1 V8 ძრავის სპეციალური ვერსია ჩადგა — ზუსტად ისეთივე, როგორიც იმდროინდელ C4 Corvette-სა და Camaro Z28-ში იდგა. პოლიციის ვერსიაში ის 260 ცხენის ძალასა და 447 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებდა და 4-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან იყო დაკავშირებული.
მიუხედავად იმისა, რომ მანქანა თითქმის 1850 კგ-ს იწონიდა, Caprice 9C1-ს 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება სულ რაღაც 7.3 წამში შეეძლო, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე სერტიფიცირებული 227 კმ/სთ იყო. პატარა გემის ზომის მანქანისგან ასეთ დინამიკას არავინ ელოდა.

სამოქალაქო ვერსიებისგან განსხვავებით, 9C1-ს ჰქონდა გაძლიერებული ფოლადის ჩარჩო, სქელი სტაბილიზატორები, ხისტი ზამბარები და სპორტული ამორტიზატორები; ოთხივე ბორბალზე დისკური მუხრუჭები ABS-ით, გაგრილების გიგანტური სისტემა და მწვანე სილიკონის სამუდამო მილები გაგრილების სისტემაში, რომლებიც წნევის ქვეშ არასდროს სკდებოდა.
ამ მანქანის გამძლეობა იმდენად ლეგენდარული გახდა, რომ პოლიციის გარდა, ის ტაქსის კომპანიებმაც მასობრივად შეიძინეს. მოდელი ნიუ-იორკის მკაცრ რეჟიმში 500 000-დან 650 000 კილომეტრამდე ისე გადიოდნენ, რომ ძრავის და კოლოფის კაპიტალური რემონტი არ სჭირდებოდათ.
დღეს კი, მეოთხე თაობის Caprice 9C1 ნამდვილ კოლექციურ იშვიათობად იქცა. ვინაიდან მათი უმეტესობა პოლიციაში ან ტაქსებში მუშაობისას ბოლომდე გაცვდა, გადარჩენილი, სუფთა ეგზემპლარების ფასი დღეს 20 000-დან 30 000 დოლარამდე მერყეობს. ეს არის ამერიკული საავტომობილო ინჟინერიის კლასიკური ეპოქის დასასრულის სიმბოლო – ჩარჩოიანი კონსტრუქცია, უკანა წამყვანი თვლები და ნამდვილი Corvette-ის V8 გული.