აუქციონზე მერსედესების 40-ავტომობილიანი კოლექცია იყიდება
Mercedes-ების ამ გიჟური მეგა-კოლექციიდან მხოლოდ სამი მანქანის არჩევა რომ მოგიწიოთ, რომლებსაც დააყენებდით თქვენს ავტოფარეხში?
სანამ კომენტარებში საკუთარ ვერსიებს დაწერთ, მანამდე ერთი მნიშვნელოვანი სიახლე უნდა იცოდეთ: ამ კოლექციაში შემავალი ორმოცივე ავტომობილი მომავალ თვეში Broad Arrow-ს აუქციონზე გამოდის. ასე რომ, თუ თავისუფალი ფინანსები გაქვთ, თქვენი ოცნების სამეულის რეალობად ქცევის შანსიც კი გეძლევათ.
ასევე იხილეთ: AMG-ის 7 გიჟური მოდელი, რომელიც ამ სამყაროდან არ არის
გამოტანილ ეგზემპლარებს შორის არის ვერცხლისფერი 170E (W201), რომელიც Schulz-Getzke-ს Widebody კომპლექტითა და ლეგენდარული SEC-ის სტილის წინა ნაწილითაა აღჭურვილი. ასევე სამი ნამდვილი SEC კუპე ABC-Exclusive-ის გაფართოებული ძარით (მათ შორის ერთ-ერთი 560-ია, უფრო დიდი 5.5-ლიტრიანი V8 ძრავით და £40 900-იანი საპროგნოზო ღირებულებით). კოლექციის კიდევ ერთი მარგალიტი კი 450 SLC-ია, რომელიც შედარებით ზომიერი Koenig-Specials-ის კომპლექტითა და ოქროსფერი BBS-ის დისკებითაა წარმოდგენილი.


ექსტრემალური ვაიდბოდების მიღმა, აუქციონზე იხილავთ Brabus-ის უამრავ ბრწყინვალე ქმნილებას, ფარულ Maybach-ს, კომპანიების ოფიციალურ შერწყმამდე გამოშვებულ ბევრ უნიკალურ AMG მოდელს — მათ შორის 1993 წლის 500E AMG-ს 6.0-ლიტრიანი V8 ძრავით და რამდენიმე ძალიან სწრაფ უნივერსალს. მეტიც, ფლოტში არის მარჯვენასაჭიანი, 8-ადგილიანი W210 E-კლასის ლიმუზინიც კი, თუკი სამგლოვიარო ბიზნესში შესვლას აპირებთ...

ყველა ეს ავტომობილი ფლორიდაში ბაზირებული ცნობილი Patina Collective-ის საკუთრებაა და Broad Arrow Auctions-ის პლატფორმაზე, Global Icons Online Auction სერიის ფარგლებში, 10-დან 21 აგვისტომდე გაიყიდება. რაც მთავარია, ყველა ლოტი წარმოდგენილია რეზერვის გარეშე, ასე რომ, გამორიცხული არ არის, რომელიმე ეგზემპლარი ძალიან ხელსაყრელ ფასადაც კი ჩაუვარდეს ხელში მყიდველს.

მაგალითად, აგრესიული წითელი ფერის W211 E55 AMG-ის საპროგნოზო ფასი სულ რაღაც £6000-£8900-ს შეადგენს. მართალია, მასზე სრულიად შეუსაბამო S-კლასის დისკებია დაყენებული და ოდომეტრზე 285 000-ზე მეტი კილომეტრი უწერია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი კაპოტის ქვეშ 5.5-ლიტრიანი კომპრესორიანი V8 გუგუნებს.